საიას წინასაარჩევნო მორიტორინგის ანგარიში
24 ოქტომბერი, 2013
საიას  წინასაარჩევნო მორიტორინგის ანგარიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო "ქორთიართ მერიოტში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიში მოიცავს სამი თვის მონიტორინგის შედეგებს 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებოდა.


,,ზოგადად, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია გაცილებით გაუმჯობესებულია, ასევე შემცირებულია დარღვევის რაოდენობა, თუმცა, არის გარკვეული ხარვეზები, რომელზედაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმისათვის, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედარებით უკეთეს პირობებში ჩატარდეს" - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა ლელა ტალიურმა.

მონიტორინგის შედეგად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით კვლავაც პრობლემურად რჩება ისეთი საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, საარჩევნო სიები, სახელმწიფო და პარტიული რესურსების მკვეთრად გამიჯვნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხები, ამომრჩევლის მოსყიდვის რეგულაციები, საარჩევნო დავა, მედიარეგულაციები.

საიას განცხადებით, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესში  მთელი რიგი პრობლემური საკითხები გამოვლინდა: პრეზიდენტობის კანდიდატისა და თანამდებობის დაკავებისათვის არსებული მოთხოვნების დაზუსტების აუცილებლობა, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის საკითხი და ა.შ. 

,,ყველა ის ადამიანი, ვინც ორმაგი მოქალაქეობის გამო დაიბლოკა ცესკო-ს მიერ, ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა იმიტომ, რომ სხვა რომელიმე ფაქტს შეიძლება ისეთი გავლენა შედეგების თვალსაზრისით არ ჰქონოდა, როგორც ამ მოვლენას" - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე კახა კოჟორიძემ.

პრეზენტაციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასევე ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლისა და მუქარის რამდენიმე ფაქტზე, რომელიც კვლევის შედეგად გამოვლინდა, განსაკუთრებით - საქართველოს რეგიონებში, დარღვევათა უმეტეს ნაწილს ადგილი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. 

,,ჩვენ მიერ დაფიქსირებული ფაქტები პერმანენტულად მიეწოდბოდა კომპეტენტურ ორგანოებს, მათ შორის უწყებათაშორის კომისიას, რომელმაც არაერთი რეკომენდაცია გამოსცა ჩვენ მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე" - განაცხადა ლელა ტალიურმა.

კვლევის შედეგად დადებითად შეფასდა კოალიცია ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული გიორგი მარგველაშვილის მიერ პირადი ინიციტივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობის დატოვება მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა მას ამას არ ავალდებულებდა. მათივე თქმით, მისასალმებელია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატი თამარ ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ცესკომ თავჯდომარედ აირჩია. ასევე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, მედიის მდგომარეობა გარკვეული თვალსაზრისით გაუმჯობესებულია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელშეშლის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

,,აღსანიშნავია მედიაგარემო, განსაკუთრებით ის მდგომარეობა, რომელიც წინასაარჩევნოდ არის მედიაში წარმოდგენილი. ანგარიშში წარმოდგენილია კონკრეტული საქმეები ტელევიზიების მიხედვით, რა პრობლემებიც დააფიქსირა საიამ წინასაარჩევნოდ" - განმარტა საიას საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა ლელა ტალიურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო პროცესების სადამკვირვებლო მისია ფინანსურად მხარდაჭერილია ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მიერ, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary