,,ბევრი საინტერესო პროექტია ჩეხეთის საელჩოში, მათ შორისაა ჩეხური ენის უფასოდ სწავლება, ისინი გვაწვდიან ინფორმაციას და ვინც შეისწავლის ენას, შემდეგ შესაძლებლობა აქვს, გაცვლითი პროგრამის სახით გააგრძელოს სწავლა ჩეხეთის რესპუბლიკაში“ - განაცხადა სოხუმის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა ინდირა ძაგანიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია, უნივერსიტეტებში ჩეხური ენა ისწავლებოდეს, ამიტომ აგზავნიან პედაგოგებს, რომლებიც ასწავლიან აღნიშნულ ენას.
სწავლებას ჩეხი პედაგოგი ახორციელებს. დაინტერესებულ სტუდენტებს რეგისტრაციისათვის შეუძლიათ, მიმართონ საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურს (სსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი 319) და ვინც ჩაეწერება, ყველას აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს ჩეხური ენა.
ეს პროექტი ჩეხეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება საქართველოში და ჩეხური ენის სწავლება მიმდინარეობს არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ სხვა უნივერსიტეტებშიც.
,,სოხუმის უნივერსიტეტში უკვე მეშვიდე წელია თურქული ენის შესწავლაც მიმდინარეობს უფასოდ, სადაც სწავლება უკვე დაწყებულია და 80-მდე სტუდენტი ეუფლება ენას. ეს არის შავი ზღვის უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე ინგლისური ენის შესწავლაც შესაძლებელია უფასოდ და შარშან დამთავრდა პოლონური ენის უფასოდ შესწავლის კურსები“ - განმარტა ჩვენთან საუბარში ინდირა ძაგანია.