ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური მუსიკალური ჯგუფის ,,ჰანამას" კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიება იაპონიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
იაპონურ-დასავლური ჯგუფი "ჰანამას"-ი 2009 წელს ჩამოაყალიბეს ჩიე ჰანავამ და ნაცუმი ოკიმასუმ. მათი კომპოზიცია შედგება 4 ინსტრუმენტისგან - ფორტეპიანო, ვიოლინო, იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტი - ცუგარუ-შიამისენი და ბარაბნები.
პოპბგერებისა და მელოდიის ჰარმონიული შერწყმით "ჰანამას"-ი ცდილობს, გადმოსცეს თითოეული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ამავდროულად ახერხებს მათ ჰარმონიზაციას. 2010 წელს პირველ ნეო კლასიკურ საერთაშორისო კონკურსზე "ჰანამას"-მა წამახალისებელი პრიზი მოიპოვა. 2011 წელს ჯგუფმა მიიღო "ზეციური-ხელოვანის" ჯილდო ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობისაგან.
შემსრულებლებმა წარმოგვიდგინეს საინტერესო პროგრამა, რომელიც შედგებოდა ცნობილი კომპოზიტორის - რუიტი საკამოტოს იაპონური კომპოზიციებისგან, შეასრულეს Beatles "in my life", მოცარტის თურქული მარში და ბევრი სხვა. აუდიტორიისთვის სიურპრიზი იყო ,,ჰანამას,,-ის შესრულებული "ჩიტო-გვრიტო".
კონცერტს ესწრებოდნენ იაპონური კულტურით დაინტერესებული პირები. თსუ-ს სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები.
ჯგუფის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლა, კონცერტების ჩატარება დაგეგმილია ასევე ქუთაისსა და ბათუმში.