ნიკოლაი ნიკიტინის საჯარო ლექცია კინოპროექტების სტრატეგიაზე
06 ნოემბერი, 2013
კინოპროექტების საფესტივალო სტრატეგიისა და წარდგენის შესახებ საჯარო ლექცია და ორდღიანი ინტენსიური სემინარი ჩაატარა ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატმა და სელექტორმა, ასევე SOFA-ს (School of Film Agents — კინოაგენტთა სკოლა) დირექტორმა ნიკოლაი ნიკიტინმა.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა კინომატოგრაფისტთათვის ინფორმაციის მიწოდება კინოფესტივალებისა და იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება მიმოხილვა და საფესტივალო პროგრამის შედგენა.

"ნიკოლაი ნიკიტინის სემინარი განკუთვნილი იყო ახალგაზრდა კინომატოგრაფისტებისა და სტუდენტებისთვის, რომლებმაც უკვე დაასრულეს ან ამჟამად მუშაობენ მოკლემეტრაჟიან ფილმსა და სცენარზე. სემინარი საინტერესო იყო მათთვისაც, ვისაც ჯერ არ გააჩნიათ პროექტი, მაგრამ დაინტერესებულნი არიან პროცესით და აქვთ სურვილი, მიმართონ საერთაშორისო ფესტივალებს და წარადგინონ სკუთარი ნამუშევრები" - განაცხადა გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნოშრევან ჩხაიძემ.

ლექციის ფარგლებში ნიკიტინმა ისაუბრა ევროპული კინოფინანსირების სისტემაზე და ასევე წარადგინა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალების მიმოხილვა მათი მახასიათებლებისა და მიზნების ჩათვლით.

წარდგენილი აპლიკაციების საფუძველზე წინასწარშერჩეულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დასწრებოდნენ ორდღიან სემინარს, რომლის ძირითად თემებსაც წარმოადგენდა: მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარდგენა, ფესტივალის ბაზარზე პოზიციონირებისთვის საუკეთესო გზის დაგეგმვა, საკუთარი ხედვის გაზიარება და სიუჟეტის დახვეწა.

სემინარის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინოხელოვნების მიმართულების კურსდამთავრებულმა თინათინ ბაღაშვილმა: "მე წარმოვადგინე ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ციკლოპი", რომელიც ნიკოლაიმ დადებითად შეაფასა. ვფიქრობ, ეს სემინარი ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ მივიღე რჩევები, რომლებსაც სამომავლოდ გამოვიყენებ. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის სემინარები ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და სასარგებლოა ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რადგან შეუძლებელია, დაფინანსების გარეშე რომელიმე ფესტივალზე ფილმის წარდგენა. ამ სემინარმა კი მოგვცა თეორიული ცოდნა ფილმის შეფუთვასა და ფესტივალზე წარდგენაზე, რაც თიოთოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ტრეინინგები და სემინარები ძალიან კარგი და სასურველია. რაც უფრო ხშირად ჩატარდება და რაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, ჩვენ ახალგაზრდა შემოქმედებს, რომ მივიღოთ მეტი გამოცდილება, ცოდნა და უნარები, მით უფრო კარგი იქნება".

"ნიკოლაიმ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, რაც ჩემთვის პროექტის განმავლობაში მიღებულ თეორიულ მასალაზე მეტად საინტერესო და სამახსოვროა. მე შესაძლოა, დამავიწყდეს აქ მიღებული თეორიული ცოდნა, თუმცა, მაგალითები მისი პირადი გამოცდილებიდან არასოდეს დამავიწყდება და აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც თვითონ ნიკოლაი დაგვპირდა, მან პირობა მოგვცა, რომ თუკი ჩვენ მას ფილმს გადავუგზავნით, ის გააკრიტიკებს მას და მოგვცემს რჩევებს ტექნიკურ მხარეთან მიმართებაში, თუ რისი შეცვლა შეიძლება და რა შეიძლებოდა უკეთ გადაგვეღო"- ასე შეაფასა სემინარი პროექტის მონაწილემ მარიამ ვოქობიმ.
სემინარი განხორციელდა პროექტის Reverse Brain Drain ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის "განვითარების, განათლებისა და კულტურის ფაბრიკა" (Denkfabrik Kultur, Bildung und Entwicklung — Think Tank Culture, Education and Development) მხარდაჭერით და გულისხმობდა გამოცდილების გაზიარებას ხელოვნების სფეროში.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება საჯარო ლექციებისა და სემინარების სერიები, რომლებსაც გერმანელი და გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები ატარებენ ქართველი სტუდენტების პროფესიული განვითარების მიზნით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary