ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონური კომპანია BDA Consulting-ისა და თსუ-ს ერთობლივი პროექტის "TSU School of Entrepreneurship" პრეზენტაცია-სემინარი გაიმართა.
ესტონური კომპანიის BDA Consulting-ის მხარდაჭერით 2013 წლის 7 ნოემბრიდან 8 თვის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება ერთობლივი პროექტი "TSU School of Entrepreneurship", რომელიც მიზნად ისახავს ტრენინგ–პროგრამების საშუალებით თსუ-ს სტუდენტების მომზადებას მცირე ბიზნესის განსავითარებლად. პროექტში მონაწილე სტუდენტები უცხოელი ტუტორებისა და დარგობრივი ექსპერტების მენტორობით დაეუფლებიან მცირე ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევებს და მიიღებენ სათანადო სერტიფიკატს. ამასთან, წარმატებული ბიზნესგეგმის ავტორები 10 დღით გაემგზავრებიან ესტონეთში, ხოლო გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 2500 ლარის ოდენობით.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა. მან ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი აზრით, ეს პროექტი სტუდენტებს ბიზნეს უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიტ ტარკმა და საქართველოში Microsoft georgia-ს მენეჯერმა დავით ასათიანმა.
აღსანიშნავია ის, რომ ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.