საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus Mundus Action 2-ს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
Erasmus Student Network (Tbilisi ISU)-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი კონკურსია და უამრავი მსურველი მონაწილეობს გაცვლით პროგრამაში.
სტუდენტთა შორის ასარჩევად არის გამოყოფილი კატეგორიები ე.წ სამიზნე ჯგუფები (TG). TG1-ს მიეკუთვნება პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტები, ბაკალავრები.
TG2-ს - საქართველოში არსებული ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მაგისტრატურაზე ან დოქტორანტურაზე სწავლობენ.
TG3-ს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ასევე დევნილები). ამ სამიდან თითოეულ ჯგუფს გამოყოფილი ექნება ადგილების გარკვეული რაოდენობა.
Errasmus Mundus პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვიდან 3 წლამდე. ის აფინანსებს სწავლას, დაზღვევასა და ორმხრივ ბილეთს. ასევე ევროკავშირი გამოყოფს თანხას 1000-დან 1800 ევრომდე საკვებსა და საცხოვრებელ ადგილზე. პროგრამაში მონაწილეობენ პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიის, შვედეთის, პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტები.
პრეზენტაციის შემდეგ სემინარი ჩატარდა - "როგორ დავწეროთ მოტივაციის წერილი". შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ამგვარი პრეზენტაციები ყველა უნივერსიტეტში გაიმართება.