თსუ-ს რექტორი საქართველოს მთავრობას მიმართავს
15 ნოემბერი, 2013
თსუ-ს  რექტორი საქართველოს მთავრობას მიმართავს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ს რექტორი ვალდიმერ პაპავა საქართველოს მთავრობას მიმართავს განცხადებით, სადაც უმოკლეს ვადაში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების საკითხის განხილვას სთხოვს.

რექტორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო განათლებისა და მეცნიერების მთავარი საყრდენი, საზოგადოებრივი ცხოვრების ტონის მიმცემი. ამიტომ, თსუ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მაღალი ყურადღებისა და ინტერესის სფეროა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერების განვითარებისადმი მცდარმა დამოკიდებულებამ ხელი შეუშალა უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას. კერძოდ, თსუ-სთვის გადმოცემული 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან უმეტესობა შენობა-ნაგებობების გარეშე დარჩა: ნაწილი შენობებისა უკვე გასხვისებულია, მეორე ნაწილის თსუ-სთვის გადმოცემა კი, რატომღაც, ფერხდება.

გასათვალისწინებელია ამ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მომუშავე მეცნიერ-თანამშრომელთა სტრესული მდგომარეობა. შეუსაბამო შენობისა და ინფრასტრუქტურის გამო სამეცნიერო საქმიანობა და კვლევები სრულყოფილად ვერ ხორციელდება. იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტმა შეძლებისდაგვარად მოახერხა შენობების გარეშე დარჩენილი ინსტიტუტების სხვა კორპუსებში გადანაწილება, მათი მდგომარეობა მაინც მძიმეა.

პრივატიზების შედეგად შენობები ჩამოერთვა ისეთ კვლევით დაწესებულებებს, რომელიც არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის საქმიანობას ეწეოდა. მათ შორისაა: ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ფერხდება პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ძირითადი კორპუსების გადმოცემის საკითხი. გაურკვეველია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბედი. დღის წესრიგში დგას თსუ- ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი დანიშნულების დაწესებულების - ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო ლაბორატორიის საკითხი. ამ ლაბორატორიაში სერიოზულ კვლევებთან ერთად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ უმოკლეს ვადაში განიხილოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების საკითხი, გაითვალისწინოს, როგორც ამ ინსტიტუტების, ასევე მეცნიერ-თანამშრომლების ბედი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და არ გაიმეორებს ადრე დაშვებულ შეცდომებს".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary