ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
თსუ-ს მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ აუდიტორიას მოკლედ გააცნო ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა და ღვაწლი, რომელზეც შემდეგ ვრცლად ისაუბრა ისტორიკოსმა, მარიკა ლორთქიფანიძემ.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ექსპონატები: ექვთიმე თაყაიშვილის პირადი წერილები, ფოტოები, დოკუმენტები, მის მიერ გამოცემული წიგნები.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
გამოფენაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ: "ექვთიმე თაყაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი უნივერსიტეტის დაარსებასა და განვითარებაში. მივიჩნევ, რომ არსებული საარქივო მასალები უნდა გამომზეურდეს".
ვლადიმერ პაპავას თქმით, გამოიცემა ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო ნაშრომებისა და რეცენზიების მორიგი ტომი.
გამოფენა თსუ-ს მუზეუმში ერთ კვირას გასტანს.