თეიმურაზ ქორიძის წიგნის ,,ჩემო მაცხოვარო" და ნიკუშა კოპალიანის წიგნის ,,პურის ნამცეცები" პრეზენტაცია გაიმართა თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში.
საღამო გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 122 წლის იუბილეს მიეძღვნა.
პოეზიის საღამოზე წაკითხული ერთ-ერთი ლექსი თეიმურაზ ქორიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორესაც წარუდგინა. პოეტის თქმით, ეს ლექსი მან სწორედ უწმინდესს მიუძღვნა. ,,პოეტები იბადებიან და ორატორები ხდებიან, შენ უფალმა მოგცა ნიჭი, რომ წერო ლექსები, სულ უნდა იშრომო, რომ უფროდაუფრო გაიზარდო ამ მიმართულებით" - სწორედ ასე შეაფასა უწმინდესმა თეიმურაზის ლექსი "მრავალჟამიერ მეუფევ".
,,ამჟამად ვსწავლობ თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტის მეორე კურსზე, ამ სკოლაში იმიტომ გადავწყვიტეთ პრეზენტაციის ჩატარება, რომ ჩვენ ამ სკოლის მოსწავლეები ვართ და ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გვახსოვს ამ სკოლისგან. შეხვედრას დავარქვით "თაობათა შეხვედრა", რადგან წლების წინ გვქონდა მსგავსი ღონისძიება და ახლაც მოვედით ახალ თაობასთან შესახვედრად და წარვუდგინეთ მათ ჩვენი შემოქმედება" - განაცხადა პოეტმა თეიმურაზ ქორიძემ.
როგორც პოეტმა ნიკოლოზ კოპალიანმა განაცხადა ასეთი შეხვედრების ჩატარებას სხვა სკოლებშიც გეგმავენ და მისი თქმით, პოეზიის საღამოებს მასშტაბური სახე მიეცემა უახლოეს მომავალში.