ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი - "როგორ განვაიარაღოთ ხელისშემშლელი ფიქრები".
პროექტის ინიციატორია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი. სემინარს წარუძღვა "წარმატებისა და პიროვნული ზრდის ცენტრის" დირექტორი მარიამ ძაგნიძე.
მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ფიქრები. ცნობილია, რომ ადამიანი 75–80% სითხისგან შედგება. როგორც დავმუხტავთ ამ სითხეს, ისე ვიმოქმედებთ. ამის დასადასტურებლად მარიამმა გაგვახსენა ამერიკელი მეცნიერების ცდები. მათ აიღეს 2 ჭიქა, რომელშიც ჩაასხეს რძე. პირველ ჭიქას "ლანძღავდნენ" – ნეგატიური ენერგიით მუხტავდნენ. შესაბამისად, ის ერთი საათით ადრე ამჟავდა მეორე ჭიქასთან შედარებით. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მდგომარეობა (ადამიანის, ან ამ შემთხვევაში რძის) დამოკიდებულია მუხტზე.
მარიამ ძაგნიძის თქმით, ჩვენ დადებითად უნდა ვიფიქროთ, რომ შემდეგ ჩვენი ჩანაფიქრის რეალიზაციაც დადებითად მოხდეს. მან დამსწრეებს სიმდიდრისა და წარმატების ფორმულაც გაუმხილა და ამომწურავი პასუხები გასცა სტუდენტების შეკითხვებს.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის კოორდინატორმა თათია სოსიაშვილმა თვითმმართველობის საქმიანობაზე ისაუბრა: "გასულ კვირას მოვაწყვეთ მუსიკალური პროექტი. საქველმოქმედო ღონისძიებებსაც ვაწყობთ. მომავალი კვირისთვის დაგეგმილი გვაქვს პროექტი სადაც ორიგამის ხელოვნებაზე ვისაუბრებთ".