საქართველოს უნივერსიტეტი Georgian Students For Liberty და Independent Students’ Union-ის მიერ ორგანიზებულ ხუთდღიან სტუდენტურ კონფერენციას „თავისუფალი აზროვნება“ მასპინძლობს.
პროექტში მონაწილობენ აპლიკაციის შედეგად შერჩეული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები.
შერჩეული მონაწილეები ესწრებიან საქართველოში მოღვაწე ლექტორებისა და ცნობილი ადამიანების ლექციებს, ხოლო ყოველი დღის ბოლოს შერჩეულ თემატიკაზე იმართება დებატები მონაწილეებს შორის ლინკოლნ-დუგლასის ფორმატით.
კონფერენციის თემატიკა სახელწოდებიდან გამომდინარე მრავალფეროვანია. პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და Independent Students’ Union-ის დაფუძნებელმა ნინო ავალიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს წაეკითხებათ ლექციები 13 თემაზე, მათ შორის ინდივიდუალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თავისუფლებაზე, განათლების სისტემის, მოხალისეობისა თუ უფლებების აღქმის შესახებ. ორგანიზატორის თქმით, აღნიშნული კონფერენცია არ არის მათი კლუბის მიერ განხორციელებული პირველი პროექტი და მომავალში სტუდენტებს უამრავ ახალ პროექტს შესთავაზებენ.
Georgian Students For Liberty-ის წარმომადგენელმა მარიამ ნებიერიძემ კი ხაზი გაუსვა კონფერენციის მიზანს, რაც სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას, დებატების კულტურის განვითარებასა და თავისუფლად აზროვნებას მოიცავს. მან ასევე ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. Georgian Students For Liberty-ის ორგანიზებით მიმდინარეობს ეკონომიკური ოლიმპიადაც, რომლის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს და მათი გამოცდილება გაიზიარონ.
კონფერენციის თემატიკა და პრაქტიკული ტრენინგები შედეგიანი აღმოჩნდა მონაწილეებისთვისაც. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი და პროექტის მონაწილე ნინიკო გელაძე პროექტში ჩართულობის მთავარ მოტივაციად პროექტის თემატიკას, დებატების წარმართვის უნარების განვითარებასა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის დამყარებას მიიჩნევს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ყველა ახალგაზრდამ ისწავლოს თავისუფალი აზრის სწორად გამოხატვა და პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წარმატებას უსურვებს.
კონფერენციის დასკვნითი ეტაპი ხვალ გაიმართება, გამოვლინდება ორი გამარჯვებული და პროექტის ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდება.