თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გართიანების "მწვანე მუშტი" პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე მრგვალი მაგიდის ფორმატით განიხილეს ხუდონჰესის მშენებლობის, საყდრისის ოქროს მაღაროს, მწვანე საფარის განადგურების, ხდეჰესის მშენებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები. სტუდენტებთან შეხვედრა გაცნობითი და ინფორმაციული ხასიათის იყო. ამ შეხვედრაზე "მწვანე მუშტის" წევრებმა დასახეს სამომავლოდ სამოქმედო გეგმა. "დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო "მწვანე მუშტი" და ასევე ის მწვავე პრობლემები, რაც ახლა არსებობს, ეს არის ხუდონჰესის, ხდეჰესის, საყდრისის კულტურული ძეგლის პრობლემა და გვინდა, რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრებით დავიწყოთ. ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერაფერს მოვახერხებთ. რეალურად ვართ ძალიან ცოტანი, მაგრამ დღითიდღე ჩვენი რაოდენობა გაიზრდება და იმდენად ბევრნი ვიქნებით, რომ მოვითხოვთ, შევაჩეროთ კერძო ინვესტორისა და კერძო ადამიანების უგუნური პოლიტიკა და ვაიძულოთ სახელმწიფო, აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია და ღირსეულად შეასრულოს ის დაპირებები, რასაც წინასაარჩევნოდ მოგვცეს. ჩვენი თითოეული შეხვედრით ჩვენს თანატოლებს ჩვენს პოზიციას გავაცნობთ" - აღნიშნა "მწვანე მუშტის" წევრმა სალომე ჭანტურიძემ.
"ამ შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ სტუდენტებისთვის მიგვეწოდებინა უფრო მეტი ინფორმაცია ხუდონჰესის მშენებლობის, საყდრისისა და ხაიშის შესახებ. ჩვენ ველოდებით, რომ სტუდენტები შემოგვიერთდებიან და ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას. ვაპირებთ, წავიდეთ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში და გავაკეთოთ გაცნობითი და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, რათა მოვახერხოთ სტუდენტების მობილიზება და გაერთიანება საერთო მიზნისთვის"- განაცხადა სტუდენტმა და "მწვანე მუშტის" წევრმა თამარ გაჩეჩილაძემ.
შეხვედრამ სტუდენტებში დაინტერესება გამოიწვია. "ვუერთდები "მწვანე მუშტის" პოზიციას და ვაპროტესტებ ბუნების პირდაპირ განადგურებას. მეორე მომენტია, რომ უშუალოდ ყაზბეგის წარმომადგენელი ვარ, რიგითი მოქალაქე, რიგითი მოხევე და, ალბათ, ყველაზე მეტად გვტკივა, რაც ხდება და ყველაზე მეტად გვესმის სვანების. მრგვალ მაგიდაზე მოვედი იმიტომ, რომ სტუდენტური ძალა არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია რაღაც ცვლილებების მოხდენა და დიდი იმედი მაქვს ამის. მაშინ, როდესაც ყაზბეგში ადგილობრივი რესურსებით არაფერი არ ხერხდება, სწორედ სტუდენტები სჭირდებათ, რომ დაეხმარონ" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში თამარ ქუქიშვილმა.