ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი "ინტელექტუალი ეკონომისტები 2013'' ჩატარდა მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბისა და ილიაუნის ბიზნესსკოლის ინიციატივით.
პროექტი 3 ტურისაგან შედგებოდა: I ტურში მონაწილე გუნდებმა გამოავლინეს ზოგადი ცოდნა ბიზნესის სფეროში; II ტური იყო "კაპიტნების ტური": სათამაშო მაგიდასთან დარჩნენ კაპიტნები და მათ უნდა გაეცათ პასუხი ბიზნეს-სააზროვნო ტიპის კითხვებზე; III ტურში, ანუ "ქეისების ტურში" მონაწილე გუნდებს მიეცათ "ბიზნესქეისი", რომლის გასაცნობად და იქ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 30 წუთი ჰქონდათ.
''დღევანდელი კონკურსის მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ ამ თემაზე, კონკურსი ხელს უწყობს სტუდენტების კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მათი სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას'' - განაცხადა „მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის“ პრეზიდენტმა მიხეილ დვალიშვილმა.
კონკურსში მონაწილეობდა 20 გუნდი. გაიმარჯვა გუნდმა ''ვეტერანები'', საუკეთესო კაპიტნის ტიტული კი მიიღო ზურაბ ცერცვაძემ.
„მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი“ 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანია ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში სტუდენტთა აზროვნების გაფართოება, თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, სტუდენტთა ინფორმაციული გაზრდა სხვადასხვა მიმართულებით, ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტთა შორის თანამშრომლობის გაფართოება.