საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ 3 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და თსუ-ს რექტორი და აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
"ძალიან გამიხარდა, რომ დამპატიჟეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტები და მათი უფლებები, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან არა ერთი რომელიმე კონკრეტული, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები" - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას თქმით, იმისთვის, რომ სტუდენტებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვა: "ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ ორგანიზაციის არსებობასა და სტუდენტთა უფლებების დაცვას".
ღონისძიება სამადლობელი სიტყვით გახსნა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა ნოდარ თათვიძემ და აღნიშნა, რომ 2011 წლიდან, ლიგის დაარსებიდან მათი მიზანია, აქტიურად დაიცვან სტუდენტთა უფლებები და იდგნენ იქ, სადაც ამ უფლებებს არღვევენ: "ჩვენ ვართ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სტუდენტების გვერდით დგას და იცავს მათ უფლებებს".
ღონისძიების ფარგლებში თსუ-სა და და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.