ექვთიმე თაყაიშვილის (ღვთისკაცის) დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო-თემატური კონფერენცია გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროფესორებმა და არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოხსენებები წაიკითხეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
,,მეცნიერის ინტერესთა სფეროში მთელი საქართველო, მთელი ქართული კულტურა ერთიანდება. ექვთიმეს მიერ განძეულის სამშობლოში დაბრუნების ეს დიდსულოვანი საქმე ჩრდილავს იმ სამეცნიერო ღვაწლს და ქართველი საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება მისი ფასდაუდებელი მეცნიერული მოღვაწეობა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა დაგვიტოვა, რომლის გარეშეც ქართული ჰუმანიტარული მეცნიერება წარმოუდგენელია. აღსანიშნავია მისი მოგზაურობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მიზანი მრავალმხრივი იყო: მათ შორის არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ნივთთა შეგროვება, ისტორულ ძეგლთა შესწავლა, ჩანახატების გაკეთება, ფრესკების ასლების გადმოღება, ეპიგრაფიკული მასალის შეგროვება, ძეგლთა ფოტოგრაფირება, ჯვრების, ხატების, საეკლესიო ნივთების აღწერა და შესწავლა და ფოლკლორული ნიმუშების შენახვა" - განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა ბეჟან ხორავამ თავის მოხსენებაში.
,,ექვთიმე თაყაიშვილი არის უდიდესი პიროვნება, ეს ღვაწლმოსილი პიროვნება გახლავთ მეოცე საუკუნეში საქართველოს სახე. მეოცე საუკუნეში საქართველო, როგორც კულტურული ქვეყანა სამმა დიდმა პიროვნებამ წარმოაჩინა, ესენი არიან: ივანე ჯავახიშვილი, ამბროსი აღმსარებელი და ექვთიმე თაყაიშვილი. საქართველოს თავისუფლების იდეა მათ საკუთარი მხრებით ატარეს. სწორედ ამიტომ, ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო თარიღს იუნესკო აღნიშნავს. ეს მისი საერთაშორისო აღიარებაა და ჩვენ გვმართებს, პატივი მივაგოთ მას. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, რომელიც ძალიან დიდ მუშაობას ეწევა. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, გამოვცეთ კრებული საისტორიო ძიებანი, რომელიც მიეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავს" - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა.
როგორც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ ჯაფარიძემ განაცხადა თავის მოხსენებაში, მშვენიერი მსჯელობა აქვს ექვთიმე თაყაიშვილს ოშკზე, იშხანსა და ბანაზე. მისი თქმით, მომხიბლავია ყველაზე მეტად ის, რომ ოშკში ექვთიმე საგანგებოდ გამოყოფს ნაგებობას, სადაც სხედან და ხდება გადაწერა, თხზულებების შექმნა. ვახტანგ ჯაფარიძემ პირობა მისცა დამსწრე საზოგადოებას, რომ უახლოეს მომავალში არქეოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს, მოაწყობს გამოფენას დიდი ექვთიმეს იუბილესთან დაკავშირებით და მათ შორის გამოფენას ტაო-კლარჯეთის თემაზე.