თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ახალგაზრდა პოეტის გიორგი ზანგურის მონოსპექტაკლი გაიმართა.
კულტურის დეპარტამენტის წევრმა და ღონისძიების ორგანიზატორმა თათა ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საღამო სტუდენტების მოთხოვნით დაიგეგმა: "სტუდენტებს შეუძლიათ, ნებისმიერი სურვილი თუ მოთხოვნა გვითხრან. ჩვენც მზად ვართ, მათი მოთხოვნები მაქსიმალურად შევასრულოთ. დღევანდელი საღამოც სწორედ ასე დაიგეგმა. სტუდენტებს დიდი ხანია სურდათ, მოგვეწვია გიორგი ზანგური, რომლის ლექსებიც დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. ვფიქრობთ, ყველასთვის სასიამოვნო საღამო გამოვიდა, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც უყვარს გიორგი ზანგური და მისი შემოქმედება".
სააქტო დარბაზში მაყურებლების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. პოეტმა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ლექსები წაიკითხა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.