ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უსინათლო სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო-სამუშაო კუთხის პრეზენტაცია გაიმართა.
ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც უსინათლოებს კომპიუტერისა და პრინტერის გამოყენება დამოუკიდებლად შეეძლებათ.
ამ პროექტის ინიციატორები თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ყარამან-გიორგი ბერიძე და ტატო პაპიაშვილი არიან. პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით განხორციელდა. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელემმა ზურაბ გაიპარაშვილმა და ხათუნა ჩუგოშვილმა უსინათლო სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკაში ადგილი გამოყვეს.
პროექტის მიზანია, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამკითხველო კუთხე აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით, პრინტერებით, დისკებითა და ლიტერატურით.