ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ღეროვანი უჯრედებისა და ქსოვილოვანი ინჟინერიის ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე განიხილეს დონორული ორგანოების ალტერნატივა, კერძოდ, ახალი ორგანოების გაზრდის პერსპექტივები, როგორც სინჯარაში, ასევე თვით პაციენტის ორგანიზმში.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაეცნოთ ცენტრის მუშაობის მიმართულებები: ქსოვილების და ორგანოების ბიოინჟინერია - ახალი დამატებითი ღვიძლის გაზრდა წვრილი ნაწლავის დემუკოზირებულ სეგმენტში; I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაციით; ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია კარდიომიოპათიით დაავადებულ პაციენტებში; ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ნევროლოგიური პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებში.
''ამ ლექციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საინტერესო ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართვა ცენტრის მუშაობაში, რის შემდეგაც ჩვენ ავარჩევთ 12 პირს, რომლებიც გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას" - განაცხადა პროფესორმა ზურაბ კაკაბაძემ.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც მოღვაწეობენ ბიოლოგიის, ფიზიკის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, ნანოტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებით.