კანონპროექტი "ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ"
06 დეკემბერი, 2013
კანონპროექტი "ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ვვარაუდობთ, რომ უკვე თებერვალში გაიმართება კანონპროექტის პლენარული მოსმენა.

მთავრობასთან უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონი საჭიროა და უნდა მივიღოთ, ახლა მნიშვნელოვანია საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნები, რადგან ის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტია" - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ დღეს კანონპროექტის "ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ" წარდგენაზე, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართა.


კანონპროექტი "ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და სოციალური პარტნიორობის შესახებ" ფონდმა "ტასომ" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" და "ქალთა გლობალური ფონდის" დონორობით მოამზადა. კანონპროექტი ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობას ახალისებს და ფილანთროპიის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. 


"აქამდე გარკვეული მიზეზების გამო კანონპროექტის განხილვა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს პირველი რეაქცია იყო შედარებით უარყოფითი. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ფინანსთა სამინისტროსთან აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელება. ამ დრომდე უკვე მიღწეულია გარკვეული ზეპირი შეთანხმება, უკვე კომიტეტები ითხოვენ განხილვის დაწყებას, შესაბამისად, მომდევო კვირიდან უკვე დაიწყება კომიტეტებში კანონპროექტის განხილვა" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.


ფონდ "ტასოს" ხელმძღვანელის მარინა თაბუკაშვილის თქმით, "ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ" კანონპროექტი გულისხმობს, რომ სახელმწიფომ სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისაკენ მიმართული საქმიანობები ფილანთროპიად აღიაროს და კანონმდებლობით ბიზნესსა თუ თითოეულ მოქალაქეს ფილანთროპიული საქმიანობის დაფინანსების საგადასახადო და სამართლებრივი მოტივაცია გაუჩინოს. როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფილანთროპიული საქმიანობის წახალისებით შესაძლოა, საქველმოქმედო საქმიანობამ და ფილანთროპიამ ორგანიზებული, სისტემური სახე მიიღოს და ერთეულ შემთხვევად არ დარჩეს.

კანონპროექტის მიხედვით, ფილანთროპია შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული სფეროების განვითარებისათვის, მაგალითად, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის დაცვა და პრევენცია, და ა.შ. ქველმოქმედება ფიზიკური პირების: დევნილების, ბავშვების, ხანდაზმულების, ბუნებრივი და ჰუმანიტარული კატასტროფების მსხვერპლების და ა.შ. დახმარებას გულისხმობს. დახმარების გაწევის შემთხვევაში სახელმწიფომ ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობა არ უნდა დაბეგროს და ფილანთროპი ორგანიზაცია თუ ბიზნესი მოგების გადასახადის ნაწილისგან გაათავისუფლოს. 

"ქველმოქმედება ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის გადაუდებელი, ამწუთიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ეს შეიძლება იყოს გადაუდებელი ოპერაცია. ამ შემთხვევაში ბიზნესმა, მთავრობამ, ორგანიზაციებმა, ყველამ უნდა გაიღოს დახმარება, მაგრამ ფილანთროპია გვჭირდება იმისთვის, რომ ქველმოქმედება არ დაგვჭირდეს. ფილანთროპიის კონცეპტი სოციალურ სამართლიანობას, ადამიანის უფლებების დაცვას, მათზე ხელმისაწვდომობასა და მშვიდობას გულისხმობს" - აღნიშნა მარინა თაბუკაშვილმა.

რაც შეეხება ბიზნესს, მარინა თაბუკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბიზნესი საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობს. ამიტომაც, მისთვის ბიძგის მიმცემად და წამხალისებლად კანონში გაწერილი საგადასახადო შეღავათები უნდა იქცეს.

"ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს არც ქველმოქმედებისა და, მითუმეტეს, არც ფილანთროპიის კულტურა. ამაზე მეტყველებს ქველმოქმედების ინდექსიც, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და, რომლის მიხედვითაც საქართველომ საკმაოდ დაიხია უკან ქველმოქმედების მაჩვენებლის მიხედვით" - განაცხადა შეხვედრის მსვლელობისას გუგული მაღრაძემ.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary