ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს შეხვდა
07 დეკემბერი, 2013
ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტები უნივერსიტეტში ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგებს გაეცნენ, რომლის მიზანიც სასწავლო პროცესის ირგვლივ პრობლემების გამოვლენა იყო. რექტორთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა და აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, უშუალოდ რექტორისაგან მიეღო პასუხები კითხვებზე: როდის გამოსწორდება გაუმართავი ბაზების ტექნიკური მხარე? როდის ექნება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჭირო სასწავლო ლიტერატურა? როდის დაიწყება საუნივერსიტეტო კორპუსების სამშენებლო სამუშაოები და რატომ არის შეუძლებელი ამ ეტაპზე სოციალრ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევა?

რექტორის თქმით, უნივერსიტეტი ბაზების ტექნიკურად გაუმართაობის პრობლემის გამოსწორებას თებერვლიდან შეძლებს, რადგან დაგეგმილი აქვს ახალი საჭირო ტექნიკის შეძენა, რისთვისაც ამ ეტაპზე ტენდერია გამოცხადებული. თუმცა, რექტორი ამ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრის პირობას ვერ იძლევა: „წინასწარ შეუძლებელია განვსაზღვრო, თუ როგორ იმუშავებს ახალი ტექნიკა, მაგრამ მთავარია, რომ აპარატურა დეკემბერში უკვე გვექნება“. 

რაც შეეხება ბიბლიოთეკაში სასწავლო ლიტერატურის უკმარისობას, ვლადიმერ პაპავას თქმით, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე ბიბლიოთეკამ 500 სხვადასხვა დასახელების წიგნი შეიძინა რამდენიმე ეგზემპლარად: “ელექტრონული წიგნების თაობაზე კი, უნდა ითქვას, რომ სკანერი, რომელიც უკვე არსებული წიგნების ელექტრონულ წიგნებად გადაქცევას შეძლებს, 300 000 ლარი ღირს, ეს თანხა კი უნივერსიტეტს არ აქვს“. მან ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომელიც პროფესორების ჩართულობით სახელმძღვანელოების შექმნასა და თარგმნაში მდგომარეობს: “უნივერსიტეტს აქვს სტამბა, რომელშიც ჩემი რექტორობის შემდეგ შეწყდა მხატვრული ლიტერატურის ბეჭდვა და ინტენსიურად დაიწყება ნათარგმნი სასწავლო ლიტერატურის გამოცემა“.

ვლადიმერ პაპავას თქმით, 2014 წლის ბიუჯეტში უნივერსიტეტისთვის გამოყოფილია 300 000 ლარი, რაც საშუალებას იძლევა, წახალისდნენ ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ არჩეული საუკეთესო პრფესორები ფულადი პრემიით. შესაძლებელი გახდება სტუდენტების ჩაბმა სამეცნიერო საკითხებში: “უნივერსიტეტში ჩატარდება ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ფორუმი, სადაც წარმოდგენილები იქნებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და გამარჯვებული კონფერენციების ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით“.

სტუდენტების შეკითხვები ასევე ეხებოდა სტუდენტურ საცხოვრებლებსა და კვების ობიექტებს, რაზეც რექტორმა ასე უპასუხა: „როცა შემოვა საჩივარი, რომ არსებული კვების ობიექტი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მე მაშინვე გავწყვეტ ხელშეკრულებას და გამოვაცხადებ ახალ ტენდერს. რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებლებს, ახალი შენობის აშენების შესაძლებლობა უნივერსიტეტს არ აქვს, მაგრამ მაღლივი კორპუსის ტერიტორიასთან ახლოს არის შენობა, რომლის გამოყენებაც შეიძლება და ეს საკითხი უნივერსიტეტის დღის წესრიგში დგას“.

სოციალრ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება გამოთქვა დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მოკლევადიანი დანიშვნის გამო, რექტორმა კი განმარტა, რომ აღნიშნული ფაკულტეტის დეკანი ვერ აირჩევა მანამ, სანამ სასამართლოში მიმდინარეობს დეკანობის ყოფილი კანდიდატის სარჩელის განხილვა. პაპავამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრობლემურია არა მარტო სტუდენტებისათვის, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვისაც.

რექტორთან შეხვედრაზე სტუდენტებმა ხაზი გაუსვეს სტუდენტსა და ლექტორს შორის არსებულ პრობლემებს, რაზეც ვლადიმერ პაპავამ ახალი ინიციატივის იდეით უპასუხა: „უახლოეს მომავალში ვაპირებთ უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის გადახედვასა და შეუსაბამობების შეცვლას, რასაც იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელობით გავაკეთებთ და თუ რაიმე სახის დაპირისპირება იქნება სტუდენტსა და ლექტორს შორის, ამას უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო განიხილავს“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary