ACTIVE პროექტის (ერასმუს მუნდუსის პროგრამა) კონკურსის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული პროექტზე პრეზენტაცია ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს, რომლებმაც დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ.
შეხვედრა კითხავა–პასუხის რეჟიმში გაიმართა.
როგორც სტუ–ს საერთაშორისო ურთიერთობების სტანდარტების უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ისე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
"ეს არის აქტივი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 7 ევროპული უნივერსიტეტი, პრაქტიკულად ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყნიდან: საფრანგეთიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ. ჩვენს სტუდენტებს ყველა დონეზე და ასევე თანამშრომლებს, პროფესორებს საშუალება აქვთ, ამ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. ევროსაბჭო გამოყოფს ამაზე თანხას და მათ ექნებათ საშუალება, ერთი სემესტრიდან 1-2 წლამდე გააგრძელონ სწავლა ან მუშაობა ევროპის მნიშვნელოვან და საინტერესო უნივერსიტეტებში. ეს არის უკვე მე–4 პროექტი ტექნიკური უნივერსიტეტისათვის და ყველასთვის კარგი საშუალებაა, რომ გაეცნონ საზღვარგარეთ კულტურას, როგორ მიმდინარეობს იქ სწავლა, კვლევა, როგორ ვითარდება ტექნოლოგიები და ამავე დროს უფრო კარგად აითვისონ ენა" - განაცხადა ოთარ ზუმბურიძემ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმები ონლაინ რეჟიმში 2014 წლის 30 იანვრამდე უნდა შეავსონ.