მეც მოქალაქე ვარ!
10 დეკემბერი, 2013
მეც მოქალაქე ვარ! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა მონაწილეობით, პროექტის ფარგლებში "მეც მოქალაქე ვარ!" მრგვალი მაგიდა გაიმართა.

მიწვეულმა სტუმრებმა საქართველოში მცხოვრები უსახლკარო ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების საკითხებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. 

პროექტი "მეც მოქალაქე ვარ!" მიზნად ისახავს ბავშვებისთვის უფლებრივი მდგომარეობისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, ასევე სახელმწიფოსათვის კონკრეტული რეკომენდაციების შეთავაზებას.

"ჩვენი პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენს ეს კატეგორია. მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში, რადგან არ აქვთ სოციალური სტატუსი. ამის გამო არ შეუძლიათ მიიღონ დახმარება ჯანდაცვისა თუ განათლების კუთხით, რასაც სახელმწიფო მის მოქალაქეებს სთავაზობს" - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა ნინო თოდუამ.

როგორც ნინო თოდუა ამბობს, პროექტის ფარგლებში უკვე ესაუბრნენ ზემოხსენებულ ადამიანებს და დასძენს, რომ ისინი ძ და აშკარად საჭიროებენ დახმარებას. თვით პოლიციაც კი იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ არათუ პირადობის მოწმობა, არამედ რაიმე სახის საიდენტიფიკაციო მოწმობაც კი, ვერ ეხმარება მათ. 

"პოლიციელები თვითონ აღნიშნავენ, რომ ამ ბავშვებს არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, შესაბამისად, კანონის მხრიდანაც მათ არ შეუძლიათ დაიცვან ეს ბავშვები. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტის ფარგლებში იურიდიულ კონსულტაციასთან ერთად გათვალისწინებული გვაქვს მრგვალი მაგიდა, რის შედეგადაც გვინდა, შევიმუშაოთ ელექტრონული პეტიცია და რეკომენდაციები. საზოგადოებას წარვუდგენთ პეტიციას, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდება და იმ ბავშვების მხარდამჭერთა ხელმოწერებს შეაგროვებს, ვინც პირადობის მოწმობის არქონის გამო ვერ იღებ განათლებას, სამედიცინო დახმარებასა და სხვა კუთვნილ სიკეთეს სახელმწიფოსგან" - აღნიშნა ნინო თოდუამ.

რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს, ის ითვალისწინებს გამოფენას ღია ცის ქვეშ, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა იმ ფოტონამუშევრების ექსპოზიცია, რომლებსაც ბავშვები პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ერთად გადაიღებენ.

ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსი მაია გედევანიშვილი დადებითად აფასებს აღნიშნულ პროექტს, თუმცა, ყურადღებას იმ კითხვებზე ამახვილებს, რომლებსაც პროექტი ტოვებს. როგორც მაია გედევანიშვილი ამბობს, აქამდე არსებულ პროექტებთან შედარებით: "ეს გაცილებით წინგადადგმული ნაბიჯია იმასთან, რაც იყო რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, იყო რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა ასეთი პროექტი, ის ქუჩაშივე ზრუნავდა ბავშვებზე, ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელია, რადგან ეს პროექტი ბავშვს "ქუჩის ბავშვის" იარლიყს აწებებდა. ალბათ, უფრო ინტენსიურად და მეტი მატერიალური რესურის ჩართვაა საჭირო".

"პროექტის წერისას აქტიურად ვთანამშრომლობდით ჯანდაცვის სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვი, მაგრამ წინაპირობა ამ პროექტის დაწერის დღიდან არის ის, რომ ეს გახდეს უკვე სახელმწიფო პროგრამა. შესაბამისად, პროექტი ამას ითვალისწინებს და იმის საშიშროება, რომ იმავე პრინციპით არ განაგრძობს მუშაობას, არ არსებობს" - აღნიშნა "ახალი ინიციატივა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ" ასისტენტმა ია მგელაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართული მრგვალი მაგიდა ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი", "აჰუაჰუ - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის", "ჰელფინგ ჰენდის" მიერ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary