ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო საღამო გაიმართა სახელწოდებით სიკეთის სიყვარულით".
ღონისძიების მიზანი ბარისახოს ტაძრის მშენებლობისთვის დახმარებაა. დამსწრეებს დარბაზში არსებულ შესაწირ ყუთებში სურვილისამებრ გაღებული თანხით შეეძლოთ ქველმოქმედებაში მონაწილეობა.
ქველმოქმედება ამით არ შემოიფარგლებოდა. დახმარების მსურველებს შეეძლოთ საღამოზე მიეტანათ წიგნები, რვეულები, კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები, ასევე ტანსაცმელი და სათამაშოები. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ირაკლი არაბულმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს შემოწირულობა გლდანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცემა საჩუქრად.
საღამოში მონაწილეობდნენ ანსამბლები: "დები ზვიადაურები", "დები წიკლაურები", "დები გოგოჭურები", "ქართველო", "ქართული სული". ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლი", ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "სამანი", პოეტები და სხვა შემსრულებლები. საღამოს უძღვებოდნენ ჯარჯი შუქიაური და მარიამ ივანიშვილი.
დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოში ტაძრის მშენებლობა 1 ივლისიდან მამა იოსებმა (გაჩავა) დაიწყო. როგორც ირაკლი არაბულმა განაცხადა, ეს თანხა ტაძრის მშენებლობის დასრულებისთვისაა საჭირო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირველი მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია იქნება პირაქეთა ხევსურეთში.