თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა" სტუდენტებთან შეხვედრა გამართა სახელწოდებით - ,,შეაჩერე ოჯახური ძალადობა".
პრეზენტაციის ჩვენების შემდეგ სტუდენტებსა და მოდერატორებს შორის დისკუსია მოეწყო. მსჯელობა მიმდინარეობდა ოჯახური ძალადობის სახეებზე, წარმოშობის მიზეზებზე, განმაპირობებელ ფაქტორებსა და მისი გადაჭრის გზებზე.
ღონისძიების ორგანიზატორმა და ,,ჰელფინგ ჰენდის" ერთ-ერთმა წევრმა ანა ჩოხელმა გვითხრა, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებსა, და ზოგადად, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, მეტი ინფორმაციის მიწოდება ოჯახურ ძალადობასა და მისი გადაჭრის გზებზე: ,,ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო, ამ თემატიკაზე ეს არის უკვე რიგით მეორე შეხვედრა სტუდენტებთან, პირველი ლექცია-დისკუსია აფხაზეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან გვქონდა, შემდეგი შეხვედრა გვექნება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან. დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან დიდია, რაც დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. ცოცხალი დისკუსიების ფორმა ხელს გვიწყობს, ავამაღლოთ საზოგადოებრივი ცნობიერება ახალგაზრდებში სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე, რასაც ძალადობა მოიცავს".
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, რომლის ერთ-ერთმა მოხალისემ სკოტ სკინერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა-დისკუსიები ახალგაზრდებში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა: ,,სტუდენტები საქართველოს მომავალი ლიდერები უნდა გახდნენ, საჭიროა, რომ ადამიანებმა ახალგაზრდობიდანვე გაითავისონ პრობლემური საკითხები, რათა მომავალში თვითონვე გადაჭრან. ამიტომ ამგვარი ტრენინგები და შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და უფრო დიდი მასშტაბები მოიცვას".
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, შემდეგი შეხვედრა სტუდენტებთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 16 დეკემბერს გაიმართება.