თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზაზა ურუშაძის ფილმის ,,მანდარინები" ჩვენება გაიმართა.
საღამოს ორგანიზება სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტმა გაუწია. ფილმს სტუდენტთა დიდი ნაწილი დაესწრო. ფილმის ბოლო ეპიზოდზე მაყურებელი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს.
სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ერთ-ერთი წევრის ნინო ჩეკურაშვილის თქმით: ,,ფილმის ნახვა ყველამ კინოთეატრებში ვერ მოახერხა, ამიტომ სტუდენტების დიდი მოთხოვნა იყო, რომ უნივერსიტეტში გვეჩვენებინა. დავუკავშირდით რეჟისორს და ისიც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა. დაგეგმილი იყო, რომ თავად ბატონ ზაზას გაეკეთებინა ფილმზე კომენტარი, მაგრამ სამწუხარო შემთხვევის გამო, ის დღეს ჩვენთან არ არის. მიუხედავად სტუდენტების სურვილისა, ამდენ მაყურებელს მაინც არ ველოდით. დღეს მეც პირველად ვნახე ეს ფილმი და გულში ჩამწვდა, დადებითი ემოციებით ვარ სავსე".
როგორც სტუდენტმა მამუკა ბიწაძემ გვითხრა: ,,ეს ფილმი ძალიან ემოციურია. აქ გადმოცემულია ორი სხვადასხვა ქვეყნისა და რელიგიის წარმომადგენლის, ქართველისა და ჩეჩენის, შესაბამისად, ქრისტიანისა და მაჰმადიანის ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიდან ერთმანეთის დახოცვის სურვილი ჰქონდათ, მაინც მოახერხეს ურთიერთობა და ფილმის ბოლოს საოცარი რამ ხდება: მაჰმადიანი ჩეჩენი ქართველ ქრისტიანს საფლავზე ჯვარს უდგამს".