"მაგთიკომის" პრეზიდენტმა დევიდ ლიმ დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "ბაზრის ლიდერობა".
დევიდ ლიმ კომპანიის ისტორიის, მისი განვითარებისა და პრიორიტეტებისა შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "მაგთიკომი" თანამშრომლობს სტუდენტებთანაც, რაც გამოიხატება მომხმარებლისათვის ეკონომბარათების შეთავაზებაში. ასევე, ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და გაიცემა სტიპენდიები. "მოხარული ვარ, რომ დღეს ვარ აგრარული უნივერსიტეტის სტუმარი, რადგან ვიცი, რომ ის არის უმაღლესი დონის სასწავლო ცენტრი. დღევანდელმა პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა, შედგა დისკუსიაც. მე ყველა სტუდენტს ვუსურვებ დიდ მომავალს თავიანთ საქმიანობაში".
როგორც სტუდენტმა ნორა გამყრელიძემ აღნიშნა: "ნამდვილად საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. "მაგთიკომი" წარმატებული კომპანიაა და ლექციაზეც ზუსტად ამის შესახებ ვისაუბრეთ. საინტერესოა იმ ფორმულებისა თუ სტრატეგიების გაცნობაც, რისი საშუალებითაც კომპანია ხელმძღვანელობს".
"ჩვენთან თითქმის ყოველდღე ტარდება მსაგავსი სახის საჯარო ლექცია. ვიწვევთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რადგან გვინდა მათ ცოდნასა და გამოცდილებას გაეცნონ ჩვენი სტუდენტებიც. ამ შემთხვევაში სტუმრად გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის "მაგთიკომიის" პრეზიდენტი" - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ ლეჟავამ.