თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია "ერთად ვაჩუქოთ ბავშვებს მზიანი დღე" იმართება.
15 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე თსუ-ს მეორე კორპუსის 241-ე აუდიტორიაში ნებისმიერ მსურველს წიგნების, ტანსაცმლის ან სათამაშოების მიტანით შეეძლო მცირეოდენი წვლილი შეეტანა ბავშვების გაბედნიერებაში.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანა ღვინჯილიას თქმით, "ჩვენი ფაკულტეტი ყოველწლიურად ატარებს საქველმოქმედო აქციას, ამან უკვე ტრადიციის სახე მიიღო. ჩვენი სპონსორები არიან ტექნიკის სახლი "OK", რძის პროდუქტების კომპანია "ეკო-ფუდი", გამომცემლობები "არტანუჯი" , "ინტელექტი" და კაფე "ანტრე". დღეს აქციის ბოლო დღეა, აქტივობა საშუალო იყო, მაგრამ მაინც ბევრი ნივთი დაგვიგროვდა. ხვალ, 20 დეკემბერს კი ადგილზე მივალთ და გადავცემთ ბავშვებს საჩუქრებს. ამჯერად, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ და შეზღუდულუნარიან ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ვეხმარებით, პატარები უკვე გველოდებიან".
საქველმოქმედო აქცია "ერთად ვაჩუქოთ ბავშვებს მზიანი დღე" 20 დეკემბერს დასრულდება. საჩუქრების გარდა, აქციის ფარგლებში პატარებს მინისპექტაკლს შესთავაზებენ, რომლის მონაწილეებიც თავად საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იქნებიან.