არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგისა" და ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება "ლაზარეს" ორგანიზებით საქართველოს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "დემოკრატია-თავისუფლების მიღწევის საშუალება".
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" დამფუძნებელმა ბექა ექსეულიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა: "დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია ამ თემის ირგვლივ მივიღოთ მეტი ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილება. გავიგოთ დემოკრატია არის კი თავისუფლების მიღწევის გზა თუ საშუალება? ღონისძიებას ესწრებიან, როგორც სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე დაინტერესებული პირები".
ლექცია წაიკითხა ანალიტიკოსმა და პუბლიცისტმა თეიმურაზ ზაქრაძემ. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ "ასეთი შეხვედრა აუცილებელია, ამ ტიპის ინფორმაციას უნდა ფლობდეს თითოეული ადამიანი, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. მე, რა თქმა უნდა, ყველანაირად დავეხმარები და ვეცდები, რომ ჩემი ცოდნა გავუზიარო ახალგაზრდებს".
ღონისძიების დაწყების წინ ბექა ექსეულიძემ დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, ჩართულიყვნენ აქციაში, რომელიც მიზნად ისახავს წიგნების შეგროვებასა და სოფელ დვანის სკოლაში ბიბლიოთეკის გაკეთებას. 26 დეკემბერს აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები თავად ჩაიტანენ სკოლაში წიგნებს.
საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება "ლაზარე" მოსკოვიდან 2005 წლიდან ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. ამჟამად ორგანიზაცია უკვე სამშობლოში აგრძელებს მოღვაწეობას და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდობას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. იგი აერთიანებს ქართველ ემიგრანტ სტუდენტებსაც".
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგისთვისაც". ამისთვის ისინი აქტიურად თანამშრომლობენ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მათთან ერთად ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებას.