საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავისუფალმა პარლამენტმა სტუდენტებსა და მიწვეულ სტუმრებს წლიური ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაციაზე მუშაობის სტრუქტურასა და მთავარ მიზნებზე ისაუბრეს. როგორც პრეზიდენტი ნიკოლოზ ჩარკვიანი აცხადებს, თავისუფალი პარლამენტი მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა პროექტში და მათი ინფორმირებულობის გაზრდას. "გვქონდა არაერთი საინტერესო პროექტი, მათ შორისაა გაეროსა და ეუთოს მოდელირება. ეს უკანასკნელი გამოირჩევა იმით, რომ სტუდენტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები. წელსვე გაიხსნა თავისუფალი პარლამენტის საპატიო სტუმართა კლუბი, რომელთა წევრები არიან თამარ თომაშვილი და პაატა გაფრინდაშვილი ორგანიზაციიდან "საქართველოს რეფორმების ასოციაცია". რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოესი პროექტია იმიტირებული სასამართლო პროცესები. ეს არის პირველი პროცესი, რომელშიც არამარტო სამართლის სკოლის წარმომადგენლობა მიიღებს მონაწილეობას, არამედ ყველა დაინტერესებული პირი" - აცხადებს ნიკოლოზ ჩარკვიანი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საერთაშორისო კონტაქტი და გამოცდილება მიიჩნევა. ქართველ სტუდენტებს სემინარების, სესიებისა და კონფერენციების ფარგლებში საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.
"პირველ რიგში, ესაა დიდი გამოცდილება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისათვის. მე ვიყავი ვარშავაში საერთაშორისო კონფერენციაზე და გარდა იქ მიღებული ცოდნისა, საკმაოდ საინტერესო კონტაქტიც დავამყარე" - ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე კეკუტია.
"თავისუფალი პარლამენტის პროექტებში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, რადგან თეორიასთან ერთად ვღებულობთ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას. ვიცი, რომ მასშტაბური პროექტი იგეგმება სტამბულში, რომელშიც აუცილებლად ჩავერთვები" - აღნიშნავს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი პარლამენტი წარმოადგენს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაარსებულ ორგანიზაციას, რომელიც ოფიციალურად 2011 წლის ივნისში დაფუძნდა.