"სოფლის სოციოლოგთა კლუბის" ინიციატივით განხორციელდა პროექტი "ახალი წელი სოფლად".
პროექტის მთავარი მიზანი იყო სოფელში საახალწლო გარემოს შექმნა, სოციალური და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. პროექტის ფარგლებში "სოფლის სოციოლოგთა კლუბი" სოფელ ვაქირს ეწვია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში სიღნაღის რაიონში მდებარეობს. ორგანიზატორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების გარდა, იდეის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მოხალისეებმაც.
პროექტით სტუდენტები დაინტერესდნენ, რომლებიც საქართველოს ქალაქებში სწავლობენ. მათ ღონისძიების პარალელურად რამდენიმე სახის პერფორმანსი შეასრულეს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ვასო გოძიაშვილისა და ილო მოსაშვილის მუზეუმში. ასევე პროექტამდე მიღებული შემოწირულობითა და ღონისძიებების განმავლობაში შეგროვილი თანხით სოციალურად დაუცველ ადამიანებს ახალი წელი მიულოცეს.
პირველ დღეს "ახალი წელი სოფლად" დაიწყო დასუფთავების აქციით ილო მოსაშვილის სახლ-მუზეუმში. ღონისძიება გაგრძელდა ვასო გოძიაშვილის მუზეუმში, სადაც იქაურმა მცხოვრებლებმა ხალხური ცეკვა და სიმღერა შესთავაზეს ჩასულ სტუმრებს. შემდეგ ადგილობრივებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. თითოეული მათგანი აქტიურად ჩაერთო ფილმის (მოდერნ ტიმეს) ყურებასა და განხილვაში. პირველი დღე ცეცხლის შოუთი და ფეირვერკით დასრულდა. პროექტის მხარდამჭერები ადგილობრივებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
მეორე დღეს ღონისძიებას მომღერალი შოთა ადამაშვილი შეუერთდა.
იმისათვის, რომ საახალწლო განწყობა შექმნილიყო სოფელში, მოირთო ილო მოსაშვილის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია. სოფლის სტუმრებმა შეგროვილი საჩუქრებით სოციალურად დაუცველი ოჯახები გაახარეს.
პროექტის ინიციატივას მხარი დაუჭირა რამდენიმე ორგანიზაციამ. "სამოქალაქო ინიციატივამ" წარმატებით მოაგვარა ადგილობრივი საორგანიზაციო საკითხები. პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: "სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა–The Greens Movement of Georgia", "რეგიონული კინოს ასოციაცია", "მწვანე აკადემია", "თსუ ეკო კლუბი", თსუ და "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია".