არგენტინული ტანგოს საღამო „ბეთ ჰაიმში“
11 იანვარი, 2014
გალერეა
არგენტინული ტანგოს საღამო „ბეთ ჰაიმში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ბეთ ჰაიმში" არგენტინული ტანგოს საღამო გაიმართა.


საღამო თბილისში არსებული ტანგოს საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რამდენიმე დღის წინ არგენტინული ტანგოს სპეციალისტი, ოქსფორდის არგენტინული ტანგოს სკოლის ხელმძღვანელი დანტე კულკოი ჩამოვიდა. სამი საათის განმავლობაში "ბეთ ჰაიმის" სტუმრებს დანტე კულკოი და მისი ქართველი მოსწავლეები სთავაზობდნენ სხვადასხვა კომპოზიციას, გარდა ამისა, სტუმრებს დაურიგდათ სპეციალური ცნობარი, რომელიც მათ საღამოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

როგორც თბილისის ტანგოს საზოგადოების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პედაგოგმა ლევან გომელაურმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "მილონგა ეწოდება ტანგოს საღამოს, დღევანდელ საღამოზე კი განსაკუთრებული სტუმარი გვყავს - არგენტინელი მაესტრო, რომელმაც ოთხი გაკვეთილი ჩაატარა. სამსაათიანი პროგრამის განმავლობაში ჩვენ შევთავაზეთ მაყურებელს ტანგოს სხვადასხვა ცეკვა. ასევე მინდა ამ ადამიანებთან ერთად დიდი მადლობა გადავუხადო არტ–კაფე "ბეთ ჰაიმის" მენეჯერს გიგა კასრაძეს და მის მფლობელს ნინო ჯანგირაშვილს გვერდში დგომისთვის". 

დანტე კულკოი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ოთხი დღის განმავლობაში ატარებდა გაკვეთილებს. საღამოზე იგი თავის მოსწავლეებთან ერთად ცეკვავდა. 

"ძალიან გამიხარდა, რომ მაესტრო მამეცადინებდა, დიდი გამოცდილება მივიღე, ნასწავლის პრაქტიკაში გადმოცემა რთულია, თან დამწყები ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, კარგად დავიხვეწე" – თქვა ჩვენთან საუბრისას მაესტროს ერთ–ერთმა მოსწავლემ თეა გოგინაშვილმა.

საღამოზე მაყურებელმა მოისმინა სხვადასხვა კომპოზიტორის, ორკესტრის მიერ შესრულებული არგენტინული ტანგოს კლასიკური კომპოზიციები. ღონისძიებას შემთხვევითი მაყურებლებიც ჰყავდა, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იცოდნენ: "მე ამ მშვენიერ საღამოზე შემთხვევით მოვხვდი, ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი სიურპრიზისთვის" – აღნიშნა ერთ–ერთმა სტუმარმა გიორგი მდივანმა.

საღამო თავდაპირველად ტანგოს საზოგადოების მოცეკვავეებმა გახსნეს, შემდგომ მათ შეუერთდა დანტე კულკოიც.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა გასულ დღეებს და ტანგოს ქართველ მოცეკვავეებს, მაესტრომ გვიპასუხა: "მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, საქართველო კი ძალიან საინტერესო ქვეყანაა და სხვებისგან განსხვავებული იმით, რომ თუ სხვა ქვეყნებში ქალების დაინტერესება ტანგოთი უფრო მეტია, ვიდრე კაცების, აქ თანაბარია, გარდა ამისა, კიდევ ის შევნიშნე, რომ სხვაგან ხანდაზმულები უფრო მოტივირებულები არიან, საქართველოში კი ახალგაზრდა თაობა აქტიურობს, რაც სასიამოვნოა ძალიან".

ფოტო თემურ გუგუშვილი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary