ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ
18 იანვარი, 2014
                                       ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა "პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა", რომელიც ერთი საათის განმავლობაში მასპინძლობდა მკითხველებს.

წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გარდა ადგილზე წაკითხვისა, სახლში წაეღოთ სასურველი წიგნი ერთი პირობით – სანაცვლოდ უნდა მოეტანათ სხვა წიგნი. ამ გზით მოხდებოდა ბიბლიოთეკის მუდმივი შევსება და განახლება. გარდა ამისა, მათ შეეძლოთ ბიბლიოთეკისთვის წიგნის ჩუქება მათივე სურვილის შემთხვევაში, რომლის ნახვასაც ისურვებდნენ მომავალში ამავე ბიბლიოთეკის თაროებზე. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსუ-ს კურსდამთავრებულები: სოფო დევდარიანი, მარიამ ურდია და ლევან ლომიძე.

"იმედი გვაქვს, რომ თქვენი, ჩვენი მკითხველის დახმარებით, წარმატებულ მაგალითს შევქმნით ჩვენს ქალაქში (და შემდეგ უკვე ქვეყანაშიც), გამრავლდება მსგავი ბიბლიოთეკები და შევუერთდებით "პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკების" მსოფლიო ქსელს" – განაცხადა მარიამ ურდიამ.

გარდა ამისა, ღონისძიებაში თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, სტუდენტები და პროექტის "თსუ დესპანის" წევრები იღებდნენ მონაწილეობას. ბიბლიოთეკა ეფუძნებოდა პრინციპს: "წაიღე და მოიტანე წიგნი". ღონისძიებას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებმაც წინასწარ არ იცოდნენ ბიბლიოთეკის არსებობის შესახებ. 

"დღეს ჩემს 6 წლის გოგონასთან ერთად ვარ მოსული, არ ვიცოდი ღონისძიების შესახებ, სახლში წავედით და რამდენიმე წიგნი მოვიტანეთ. მადლობა სტუდენტებს, უნივერსიტეტის ეზოში ყოველთვის საინტერესო ღონისძიებები კეთდება" – აღნიშნა ერთ–ერთმა მკითხველმა მარიამ უზნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელი წიგნიერების წლად არის გამოცხადებული საქართველოში. "პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკის" ორგანიზატორებს სურდათ, მათი პატარა ბიბლიოთეკის გახსნით ამ მოვლენასაც გამოხმაურებოდნენ და მცირე წვლილი შეეტანათ ჩვენს ქვეყანაში წიგნიერების განვითარების საქმეში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary