უმცირესობათა საკითხები საქართველოში
20 იანვარი, 2014
უმცირესობათა საკითხები საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"უმცირესობათა ჯგუფების მდგომარეობა საქართველოში 2013 წელს" - ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ორგანიზებით "ევროპის სახლში" კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრაზე ლგბტ ადამიანების, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა უმცირესობათა ჯგუფების მდგომარეობა განიხილეს გასული 2013 წლის განმავლობაში.

ღონისძიება ევროპის კავშირის ატაშემ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევა პასტრანამ გახსნა. მან პროექტის პრეზენტაცია გააკეთა და ადამიანის უფლებათა მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

კონფერენციაზე "იდენტობის" მიერ 2013-2014 წლებში ჩატარებული სამი კვლევის პრეზენტაცია განხორციელდა: "ლგბტ ადამიანების პროფესიული განვითარება", "მსმ ადამიანების კვლევა საქართველოს ციხეებში" და "გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ კაცთა სოციალური მდგომარეობა". კვლევები გამოკითხვებისა (110 ადამიანი) და სიღრმისეული ინტერვიუს (10 ინტერვიუ) მეთოდით ჩატარდა.

კვლევის შედეგები საგანგაშოდ შეფასდა. გამოკვეთილ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური; დისკრიმინაცია საზოგადოებისგან; ლგბტ ადამიანების თვითაღქმის დაბალი მაჩვენებელი; ციხეში არსებული დაუწერელი კანონები, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს გეი პატიმართა სტიგმას; დაუცველი სქესობრივი კავშირები დაცვის საშუალებების არქონის გამო; ლგბტ ადამიანების საზოგადოებისგან გარიყულობის საკითხი, მათი პროფესიული განვითარებისთვის შეუსაბამო გარემო; ლგბტ ადამიანები ზოგადად მოსახლეობასთან შედარებით, პროფესიული განვითარების არათანაბარ შესაძლებლობას ფლობენ ჩაგვრის ღია და დაფარული ფორმების გამო.

კონფერენციაზე წარდგნენ ადამიანის უფლებათა დამცველი და სოციალური მომსახურების გამწევი ორგანიზაციები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს უმცირესობათა ჯგუფებში ნარკომანიის პრობლემაზე, ქალთა საკითხებზე, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე, რელიგიურ უმცირესობასა და უცხოელ ბავშვთა უფლებებზე, სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე, ბავშვებში სექსუალური ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, აბორტის თემებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებებზე, 2013 წელს მომხდარი რელიგიურ კონფლიქტებზე. 

უფლებადამცველებმა წარმოადგინეს რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ: სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული გეგმის შემუშავება არსებულ პრობლემებთან საბრძოლველად, დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრა, ასევე დისკრიმინაციის ღია ფორმებთან ბრძოლა, პენიტენციურ სისტემაში მსმ რისკჯგუფების კონტროლი და ხელშეწყობა, ლგბტ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნვა და ა.შ. 

კონფერენციის დასასრულს მოსახლეობის გამოკითხვისა და "იდენტობის" მიერ მიწვეული ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ 2013 წლის უფლებადამცველები შემდეგ ნომინაციებში: უფლებადამცველი ჟურნალისტი გიორგი კიკონიშვილი, უფლებადამცველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ გურჩიანი, უფლებადამცველი სამოქალაქო საზოგადოების ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, უფლებადამცველი სახელმწიფო მოხელე თამარ კორძაია. 

სპეციალურ ნომინაციაში: წლის ყველაზე შეუწყნარებელი მოქალაქე, "რკინის ტაბურეტი" გიორგი გაბედავას ერგო.

"იდენტობის" მიერ ორგანიზებული კონფერენცია ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერითა და კანადის ადგილობრივი ინიციატივის ფონდთან თანამშრომლობით გაიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary