ახალბედა სტომატოლოგთა პრობლემები და პერსპექტივები
01 თებერვალი, 2014
 ახალბედა სტომატოლოგთა პრობლემები და პერსპექტივები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპეციალობა - სტომატოლოგია, სწავლების ხანგრძლივობა - 5 წელი, პროგრამის მიზანი - სტომატოლოგიაში დიპლომირებული მედიკოსების მომზადება, მათთვის სტომატოლოგიური პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მსგავსი ტიპის ტექსტს საქართველოში არსებული თითქმის ყველა აკრედიტებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების ოფიციალურ ვებგვერდზე წაიკითხავთ. ასევე მომრავლებული სტომატოლოგიური კლინიკების ,,მარი-დენტების", ,,ნინო-დენტებისა" და ,,ნიკუშა-დენტების" ფონზე საზოგადოების დიდ ნაწილში ჩნდება კითხვა, რეალურად საქმდებიან თუ არა ის ახალგაზრდები, რომლებიც ყოველწლიურად ამთავრებენ სტომატოლოგიურ ფაკულტეტს და აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ანაზღაურება.

ნინო გვასალია 26 წლისაა, როგორც თვითონ ამბობს, რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ დასაქმება არ გასჭირვებია, თუმცა, ის პრობლემას გაცილებით სხვა მიმართულებით ხედავს: ,,ამჟამად ვმუშაობ სამ სტომატოლოგიურ კლინიკაში დღე გამოშვებით, ნახევარი დღე ერთ კლინიკაში და შემდეგ მივდივარ მეორეში. დასაქმება ამ კუთხით პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, როცა ხარ დამწყები ექიმი, ანუ ახალდამთავრებული გაქვს რეზიდენტურა, ისეთ პირობებს გთავაზობენ, რომელიც ხელსაყრელი არ არის. თითქმის ყველგან გთხოვენ, რომ გყავდეს საკუთარი პაციენტები, რაც ძალიან რთულია, როცა ხარ დამწყები. ხელფასიც, სამწუხაროდ, გამომუშავებითია და არა ფიქსირებული. ასე რომ, შეიძლება, რეალურად სამსახური გქონდეს, მაგრამ თანხას შენ იხდიდე სამუშაო ადგილში. წლებთან ერთად პაციენტები გროვდება, მაგრამ მუშაობის შესაბამისი ანაზღაურება ნამდვილად არაა".

კიდევ ერთი ახალგაზრდა სტომატოლოგი თამუნა ბოჭორიშვილი, რომელიც რეზიდენტურის დამთავრებისთანავე მუშაობს, ხაზს უსვამს ნდობისა და გამოცდილების ფაქტორს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტია პაციენტისთვის: ,,ახალგაზრდა სტომატოლოგისთვის თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია, მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, არიან პაციენტები, რომლებიც შემოსვლისთანავე გეკითხებიან: რამდენია ხანია, რაც მუშაობ? მაგრამ არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებიც მაშინვე გენდობიან, ისინი უბრალოდ გაკვირდებიან თითოეულ მანიპულაციის ჩატარების დროს. შემდეგ თუ მოეწონებათ მუშაობის სტილი, უკვე ის ფაქტორი, რომ ახალგაზრდა ხარ, იკარგება. ანაზღაურება დამოკიდებულია პაციენტების რაოდენობაზე, ვერ ვიტყვი იმას, რომ ერთსა და იმავე სტომატოლოგიურ მანიპულაციაზე გამოცდილი ექიმი და ვთქვათ, დამწყები სტომატოლოგი სხვადასხვა რაოდენობის თანხას იღებს. უბრალოდ, ვფიქრობ, ახალგაზრდა სტომატოლოგების მიმართ ნდობა ნაკლებია, ხოლო წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ნდობა, შესაბამისად, აისახება პაციენტთა სიმრავლეზე".

ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი მაკა ეგაძე ,,თავისუფალ ასოციაციასთან“ საუბრისას აღნიშავს, რომ ახალბედა სტომატოლოგები არიან გაცილებით მონდომებულები და თავს არ ზოგავენ, რათა დამსაქმებლის იმედები გაამართლონ: ,,ჩემს კლინიკაში უმეტესად დასაქმებულნი არიან ახალგაზრდა სტომატოლოგები, აგრეთვე, მყავს რამდენიმე სტაჟიანი კადრიც, რომლებიც გამოცდილებას უზიარებენ დამწყებ სტომატოლოგებს. არსებობს პაციენტთა სხვადასხვა კატეგორია: შედარებით ძველ თაობას აქვს სურვილი, მივიდეს გამოცდილ სტომატოლოგთან, თუმცაღა, პირველი ვიზიტის შემდგომ რწმუნდებიან, რომ არანაკლებ ემსახურებიან ახალგაზრდა სტომატოლოგები და ნდობაც უჩნდებათ".

მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღმოჩნდა, რომ დღეს არიან ისეთი კვალიფიციური სტომატოლოგები, რომლებმაც გაიარეს ყველა საფეხური, რაც საჭიროა ლიცენზირებული სტომატოლოგისთვის, თუმცა, მათი დასაქმება მაინც დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ახალგაზრდა სტომატოლოგი სოფო ქავთარაძე ამ სფეროში არსებულ მაღალ კონკურენციასა და დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობს: ,,მიუხედავად ჩემი პროფესიისადმი დიდი სიყვარულისა და მცდელობისა, რომ თეორიული ცოდნა გამეღრმავებინა პრაქტიკული საქმიანობით, დღემდე არ გამომივიდა. ვფიქრობ, პრობლემა ისაა, რომ გარშემო არის უამრავი სტომატოლოგიური კლინიკა, შესაბამისად, კონკურენციაც დიდია. ბევრი სტუდენტი გადის რეზიდენტურას, თუმცა, საბოლოოდ, ძალიან ცოტა საქმდება და ვინც საქმდება, იმათაც უჭირთ მუშაობა სტომატოლოგიური მომსახურების ფასებიდან გამომდინარე. მე ვმუშაობდი, რამდენიმე სტომატოლოგიურ კლინიკაში, თუმცა, პირობები იმდენად არახელსაყრელი იყო, რომ იძულებული გავხდი თავი დამენებებინა“.

ამჟამად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 600 სტომატოლოგი სწავლობს, კურსზე დაახლოებით 120 სტუდენტია, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოში არსებულ 50-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელზე, რომელთაც მისაღებ სტომატოლოგთა თითქმის შეუზღუდავი რაოდენობა აქვთ. არის თუ არა ეს რაოდენობა შესამცირებელი და როგორ უნდა გადაიჭრას ახალგაზრდა სტომატოლოგთა დასაქმების პრობლემები, ამ კითხვებით ჩვენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ მარინა მამალაძეს მივმართეთ, რომელმაც ჩვენთან საუბარში გამოყო რამდენიმე პუნქტი, რაც რეალურ პრობლემებს უქმნის ახალგაზრდა სტომატოლოგებს შემდგომ დასაქმებაში. ის ხაზს უსვამს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ სტომატოლოგთა მიღების დიდ რაოდენობას და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას ხედავს. „დღეს ქსელში დასაქმება სტომატოლოგისთვის ძნელია, რაც, ვფიქრობ, განპირობებულია ორი მიზეზით. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს რაოდენობაც დიდია, მაგრამ როცა ამ ციფრს ემატება ძალიან ბევრი აკრედიტებული უნივერსიტეტის სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტი, ვიღებთ სტომატოლოგთა ზღვა რაოდენობას. 5-მილიონიანი მოსახლეობისთვის ამდენი სტომატოლოგის არსებობა ქმნის პრობლემებს შემდგომ მათ დასაქმებაში. უტრირებულად რომ ვთქვა, წესით, 500 სულ მოსახლეზე უნდა არსებობდეს ერთ სტომატოლოგი, დღეს კი ლამის ერთ სულ მოსახლეზე მოდის 500 სტომატოლოგი. მაეჭვებს ისიც, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სტომატოლოგიას ასწავლიან, სწავლების ხარისხი და კომპეტენცია იყოს ერთი და იგივე, საჭიროა, რომ განათლების სამინისტრო ჩაერთოს უმაღლესი სასწავლებლების ხელახალი აკრედიტაციის საქმეში, რაც პრობლემას მეტ-ნაკლებად მოაგვარებს".

მისივე თქმით, ასევე პრობლემაა, როცა სტუდენტები ჩამოდიან რეგიონებიდან, ამთავრებენ სტომატოლოგიის ფაკულტეტს, შემდეგ რეზიდენტურას, აქვთ სურვილი, რომ თბილისშივე დასაქმდნენ: ,,დღეს ახალგაზრდა სტომატოლოგები რომ ჩივიან პაციენტების დეფიციტს, ამ დროს სტომატოლოგებს თხოულობენ ჩვენი რეგიონული ცენტრები, მაღალმთიანი სოფლები, სადაც სტომატოლოგების რეალური ნაკლებობაა, მაგრამ სტუდენტებს, რომლებიც ჩამოდიან თბილისში, უნდათ, რომ, მაინცდამაინც, აქვე დასაქმდნენ, შედეგად ისინი არიან უმუშევრები".


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary