თვითნებური დიეტით წონის მართვა ახალგაზრდებში
01 მარტი, 2014
თვითნებური დიეტით წონის მართვა ახალგაზრდებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ბევრჯერ წამსვლია გული. დიეტის დაცვის დროს იმდენად ხარ შეპყრობილი კილოგრამების მოკლებით, რომ ყველანაირ ხერხს მიმართავ. ყველანაირს... იმის მიუხედავად, რომ იცი, რა უკუჩვენებაც აქვს თვითნებურ დიეტას, მაინც აგრძელებ სასურველი წონის მიღებამდე. მე ამის მაგალითი ვარ. 10 კილოგრამი დავიკელი თვითნებური დიეტით. ზედმეტი კილოგრამები მოვიკელი, მაგრამ შევიძინე უამრავი ახალი დაავადება. ახლა გამუდმებით ვზრუნავ სასურველი წონის შენარჩუნებაზე. ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის, როცა დიდი ხნის უნახავი მეგობარი მეტყვის: „ნათი... როგორ გამხდარხარ...“ - აღნიშნავს 22 წლის ნათია.
წლებია, სასურველი წონის მიღებაზე ზრუნავს და გამუდმებით მიმართვს თვითნებურ დიეტას. ამბობს, რომ თავიდან არც კი უფიქრია დიეტოლოგთან კონსულტაციაზე, ახლა კი აზრი აღარ აქვს. სხვებს კი ურჩევს, აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, გაიგონ, თუ რა არის ზედმეტი წონის გამომწვევი მიზეზი და ამის შემდეგ იმკურნალონ, ამით თავიდან აიცილებენ თვითნებური დიეტით გამოწვეულ უამრავ დაავადებას: წყლულს, ჭარბთმიანობასა და სხვა.

გახდომა სწრაფად, გახდომა დიეტის გარეშე, გახდომა ვარჯიშით, საუკეთესო დიეტა გახდომისთვის - თუ ერთ დღესაც მოინდომებ რომ დიეტა დაიცვა, უამრავ რჩევასა თუ რეცეპტს წაიკითხავთ ინტერნეტში. დიეტის დაცვა დღეს მოდაშია. ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარი სურვილით შედგენილი მენიუთი ცდილობს მიაღწიოს საწადელს და დაიკლოს წონა. თვეების განმავლობაში მიღწეული შედეგი, დაკლებული წონა კი სრულიად შესაძლებელია რამდენიმე კვირაში ავანაზღაუროთ. როგორც დიეტოლოგები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია არა დაკლება, არამედ დაკლებული წონის შენარჩუნება. საქართველოში მიღებული წესის თანახმად, სანამ წონა პათოლოგიაში არ გადავა, მანამდე დიეტოლოგსა თუ ენდოკრინოლოგს არავინ მიმართავს რჩევისთვის. ახალგაზრდების უმეტესობა კი ვერ უძლებს ცდუნებას გამოიყურებოდეს ტელევარსკვლავივით თუ მოდელივით.

21 წლის სოფოს თქმით, ახალგაზრდების უმეტესობა თავად იგონებს დიეტას. თავად წყვეტს, რა მიირთვას და რა აუკრძალოს საკუთარ თავს. ეს ყოველივე კი, საბოლოოდ უარყოფითი შედეგის მომტანია ჯანმრთელობისთვის. ,,დიეტის დაცვის დროს არ ვფიქრობთ უარყოფით შედეგებზე. ან ვფიქრობთ, რომ ჩვენ არაფერი დაგვემართება. დამიჯერეთ, ყველა ჩვენგან გვაქვს ,,ჩვენივე შექმნილი’’ დიეტა. ყველაფერი ხომ ინდივიდიალურია... მე პირადად, პროდუქტებისა და საკვების გარკვეული ნაწილის შეზღუდვით კუჭი დავიზიანე და ამაში დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, თვითნებურ დიეტას მიუძღვის. ამიტომ, მოდით დავინდოთ საკუთარი თავები’’ - აღნიშნავს სოფო ფანჩულიძე.

ადამიანები, რომლებიც საკუთარი სხეულის ფორმებზე ზრუნავენ, ხდებიან თავდაჯერებულნი და მიზანსწრაფულები. საკუთარი თავისადმი კარგი დამოკიდებულება გარშემომყოფთ ჩვენდამი სიმპათიით განაწყობთ, ლამაზად და მიმზიდველად აღგვიქვამენ. ,,ზედმეტ წონას განსაკუთრებით განიცდიან ქალები და მის მოსაშორებლად ნებისმიერ დიეტაზე თანახმანი არიან. ასეთ დროს არასრულფასოვნების კომპლექსს შიმშილით გამოწვეული სტრესული მდგომარეობაც ემატება (დამტკიცებულია, რომ შიმშილობა ადამიანისთვის სტრესფაქტორს წარმოადგენს). თუ ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, დიეტის ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. დიეტაც სწორად უნდა იყოს შერჩეული, რადგან აქ მხოლოდ სხეულის კორექციაზე როდია საუბარი. რა თქმა უნდა, დიდია დატვირთვაც, რომელსაც დიეტაზე მყოფი ადამიანის ფსიქიკა განიცდის’’ - აღნიშნავს ფსიქოლოგი ნანა კალანდაძე.

თვითნებური დიეტის დამცველთათვის მუდმივად გამოიძებნება პოპულარული დიეტა სწრაფი და ოპტიმალური შედეგის მისაღწევად. მაგალითად, ცნობილი ქატოს დიეტა. ,,ქატოს და მსგავს დიეტებზე არ ვიცი, რა ვთქვა. მგონია, რომ, უბრალოდ, ვიღაცას აწყობდა ამ პროდუქტების "გასაღება" და გამოუვიდა კიდეც. სრული ისტერია იყო ქალაქში. ასეთი გაუგებარი და დაუდასტურებელი დიეტის დაცვა კარგ იდეად არ მიმაჩნია. მაინც ყველაზე კარგი, ალბათ, ჭამის შეზღუდვა და ვარჯიშია, რომლითაც შედეგი მიიღწევა, მაგრამ თვითნებური დიეტისგან განსხვავებით არც ისე სწრაფად და, ალბათ, სწორედ ამიტომ არ გვიყვარს ის გოგონებს’’ - აღნიშნავს 21 წლის ვერიკო სიტნიკოვი. მისივე თქმით, დიეტას თავადაც იცავს ხოლმე.
,,დიეტა ნიშნავს: სწორ, ჯანმრთელ, რაციონალურ, დაბალანსებულ კვებას. თითოეული ადამიანისთვის დიეტა ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი, რიგი კლინიკური - ლაბორატორიული კვლევების ჩატარების საფუძველზე, ვინაიდან არ არსებობს რაიმე უნივერსალური დიეტა, რომელიც ერთნაირი ეფექტურობით დააკლებინებდა წონაში ყველას. მხოლოდ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ჩვენ გადავწყვეტთ, თუ რა სახის დიეტა შევადგინოთ და გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე რა პრეპარატები დავუნიშნოთ’’ - ამბობს ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი.

გახდომის შესახებ ხშირად ვისმენთ რეკლამას ტელევიზიით, სადაც გახდომას ჩვეთვის მისაღები საშუალებით, აკრძალვის გარეშე გვთავაზობენ. როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის წამყვანი სპეციალისტი, მენეჯერი თამთა ჭურაძე აღნიშნავს, ყველაზე ხშირად მათ 20-დან 45 წლამდე ადამიანები მიმართავენ. მისივე თქმით, სიმსუქნის პრობლემა ნამდვილად არის ახალგაზრდებში. ,,საფრთხე ნამდვილად არის იმიტომ, რომ ახალგაზრდობა, ძირითადად, არ აქცევს ყურადღებას საკუთარ კვებას, ამას რაღაც ეტაპზე არეგულირებს მშობელი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მშობელმაც არ იცის, როგორ გამოკვებოს საკუთარი შვილი ისე, რომ მას არ ჰქონდეს ზედმეტი წონა“ -ამბობს თამთა ჭურაძე. მისივე თქმით, ზრდასრულ ასაკში კი ახალგაზრდებს დამოუკიდებლად უჭირთ გადაწყვეტა, არ იციან, როგორ იკვებონ ისე, რომ დაიკლონ წონაში და მიმართავენ სხვადასხვა დიეტას. ეს კი უფრო მეტად უქმნის საფრთხეს მათ ჯანმრთელობას და წონა დაკლების შემდეგ ორმაგად უბრუნდებათ უკან.

საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი გვაძლევს შემდეგ რჩევას იმისთვის, თუ როგორ უნდა გავხდეთ და შევინარჩუნოთ სასურველი წონა: ,,ზოგად საექიმო პრაქტიკაში ყველა პაციენტს, სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული რისკის იდენტიფიცირების მიზნით, უნდა დაუდგინდეს სხეულის მასის ინდექსი და წელის გარშემოწერილობა. - სიმსუქნეზე სკრინინგი რეკომენდებულია 2 წელიწადში ერთხელ. - ნებისმიერ პაციენტს, სხეულის მასის ინდექსისა და წელის გარშემოწერილობის მიუხედავად, უნდა ჩაუტარდეს კონსულტირება ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის თაობაზე’’ - ვკითხულობთ საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის 2009 წლის პროექტში ,,ჯანმრთელ პირთა (15-65) და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება’’.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary