თეატრალურის კინოკლუბი
22 მარტი, 2014
გალერეა
თეატრალურის კინოკლუბი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
4 წლის წინ თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის რამდენიმე პირველკურსელმა ადმინისტრაციასთან შეთამხმებით გადაწყვიტა უნივერსიტეტის ბაზაზე დაეფუძნებინა კინოკლუბი. აქ აჩვენებდნენ ფილმებს, გაიმართებოდა შეხვედრა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასევე სხვა კინომოყვარულ ადამიანებთან, ჩატარდებოდა თავისუფალი ლექციები. ეს ყველაფერი კი მოემსახურებოდა, პირველ რიგში, კინოს პოპულარიზაციას და შემდეგ უკვე, ზოგადად, თვალსაწიერის გაფართოებას.
ინიციატივამ შედეგი გამოიღო და აგერ უკვე მეოთხე წელია კვირაში ხუთჯერ კინოკლუბი აქტიურ მუშაობას ეწევა, სამი დღე თეატრალური უნივერსიტეტის ბაზაზე, ერთი დღე - ფრანგულ ინსტიტუტში, რომლებსაც ძალიან მოცულობითი და კარგი სინემატეკა აქვთ, და ერთი დღე - ეროვნულ ბიბლიოთეკაში. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტის ხატია მაღლაკელიძის პროექტის ფარგლებში იმართება კინოჩვენება, რომლის მიზანი გარდა კინოჩვენებისა, არის ჩვენს სოციუმში არსებული აქტუალური თემებისა და პრობლემების ირგვლივ დისკუსია.

კინოკლუბის ფილმების ბაზა მრავალფეროვანია, მოიცავს თავად ორგანიზატორების პირადი ფილმებისა და უნივერსიტეტის ვიდეოთეკაში დაცულ მასალებს. კინოჩვენების პრინციპი მრავალფეროვანია, ერთი მიდგომა - როდესაც ირჩევენ ერთ კონკრეტულ ქვეყანას და უხმო კინოდან უახლეს პერიოდამდე უჩვენებენ საეტაპო ფილმებს, განიხილავენ რეჟისორებს, მათ საავტორო ენას. მეორე მიდგომა - თანამშრომლობენ თეატრალურის მოქმედ პედაგოგებთან: თეო ხატიაშვილთან, მაია ლევანიძესთან, ლელა ოჩიაურთან და მათი საპროგრამო სიიდან არჩევენ ფილმებს. მესამე მიდგომა - დამსწრე მაყურებლის სურვილებისა და ინტერესესის გათვალისწინებით ირჩევა ფილმები.

კინოკლუბის კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის, როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვახო ჯაჯანიძემ გვითხრა: „ეს არის კინოკლუბის მთავარი ხიბლი, რადგან ყველაფერი კეთდება ჯანსაღი ინიციატივით და არის მაქსიმალური თავისუფლება ყველასთვის, აქ მოდის ისეთი კონტიგენტი, ვისაც ნამდვილად უყვარს და აინტერესებს კინო, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობაა, რომ თეატრალურის სტუდენტების დასწრება პროცენტულად 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა უნივერსიტეტიდან მოსულ სტუდენტებსა და სხვა კინომოყვარულებთან შედარებით“.

სტუდენტების ინფორმირება ხდება სოციალური ქსელებისა და უნივერსიტეტის ინფორმაციული დაფების საშუალებით, აფიშები არამარტო თეატრალურში, არამედ სხვა სასწავლებლებშიც იკვრება. თავად ორგანიზატორებისა და სტუდენტების გამოკითხვიდან ჩანს, რომ სოციალური ქსელი ბევრად უფრო აქტიურად მუშაობს და ვისაც სურვილი აქვს, მათთვის ინფორმაცია აბსოლუტურად ღია და ხელმისაწვდომია.

თეატრალური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის თინათინ როსტიაშვილის თქმით, „ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნამდვილად, არაერთ გვერდზე იდება ინფორმაცია, უნივერსიტეტშიც გაკრულია აფიშები, მაგრამ მე, სიმართლე გითხრათ, არცერთხელ არ ვარ ნამყოფი, ალბათ, საკმარისი სურვილი არ არსებობს, სიზარმაცეც თავისას შვრება, ისე ძალიან კარგი ფაქტია და აუცილებელიც კია ჩვენი პროფილის უნივერსიტეტში კინოკლუბის არსებობა“.

როგორც გურამ გეგუჩაძე აღნიშნავს: „შარშან - ნაკლებად, ბოლო პერიოდში კი ხშირად დავდივარ, თითქმის ყველა კინოჩვენებას ვესწრები, სასიამოვნო გარემოა და მომწონს ეს თავისუფალი სიტუაცია, ინფორმაციას სოციალური ქსელიდან ვიღებ, ყველაზე მარტივი გზაა“.

სოციოლოგი სალომე თოფურიძე ამბოს: „ძალიან დიდი ხანია დავდივარ და კიდევ ვაპირებ გაგრძელებას, ერთგვარი რიტუალივით მექცა, ძალიან მომწონს აქაურობა, საუკეთესო შეკრების ადგილია კინომოყვარულებისთვის, სასიამოვნოსთან ერთად საინტერესო და შემოქმედებითი გარემოა“.

კინიკლუბის ორგანიზებით ხშირად ეწყობა სემინარები და მასტერკლასები, იწვევენ, როგორც მოქმედ ქართველ კინემატოგრაფისტებსა და რეჟისორებს, რაც ხელს უწყობს ინტერესის გაზრდას ქართული კინოსადმი, ასევე გამოცდილი ავტორებისგან სტუდენტები იღებენ უამრავ პროფესიულ რჩევას, რაც შეეხება უცხოელ სპეციალისტებს, სხვადასხვა საელჩო და ეროვნული კინოცენტრი აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში, ხშირად მათი ინიციატივით ხდება უცხოელ ავტორებთან შეხვედრა.

ტექნიკური ბაზის სიმწირე ყველაზე აქტუალური პრობლემაა კინოკლუბისთვის, დარბაზი საჭიროებს განახლებას, არსებული პროექტორი თანამედროვეთი ჩანაცვლებას და უამრავი პატარ-პატარა დეტალი, რასაც, საერთო ჯამში, მოიცავს კინოკლუბი.
სამომავლოდ კინოკლუბი გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსთან, რათა მეტი უცხოური ფილმი აჩვენონ და უცხოელი სტუმარი ეწვიოს კინოკლუბს. ამ ეტაპზე ორი ქვეყნის საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოებთან აქტიური მოლაპარაკების პროცესში არიან, ასევე იგეგმება ბრიტანეთისა და ისრაელის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა. მთავარი პრიორიტეტი და სურვილი, ვახო ჯაჯანიძის თქმით, არის ის, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უფრო მეტად ჩაერთონ და იარონ კინოკლუბში, რადგან ეს არის სივრცე, სადაც ადამიანს ეძლევა თავისუფალი კომუნიკაციის, ინფორმაციისა და ცოდნის შეძენის საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary