ექსტრემი და ქართველი ახალგაზრდები
29 მარტი, 2014
თავისუფლება, შიშნარევი ნეტარება, რისკი და სიგიჟე... ეს ექსტრემია, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავს და თავს აკარგვინებს. ექსტრემალური სპორტის მიმდევარი ახალგაზრდები მთელს მსოფლიოში არიან და მათ შორის საქართველოშიც. ალბათ, გვახსოვს ტრაგიკული შემთხვევა, როცა ხიდიდან გადახტომის შედეგად ახალგაზრდა წყვილი დაიღუპა, მაგრამ მიუხედავად სავალალო ინციდენტისა, ექსტრემი არ კარგავს პოპულარობას და მისდამი ინტერესი უფროდაუფრო მატულობს.

„Georgian extreme ways” - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 2012 წლიდან არსებობს და აქტიურად არის ჩართული ქართული ექსტრემალური ტურიზმის განვითარებაში. კომპანიის მთავარი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა კუთხის მიმართულებით ექსტრემალური და სათავგადასავლო ექსკურსიების დაგეგმვასა და განხორციელებასთან. „ვცდილობთ, ჩვენი ინიციატივით ყოველ შაბათ-კვირას მოვაწყოთ გასვლითი ტურები. მსურველების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება, განსხვავება აშკარად შეიმჩნევა წინა ორ წელთან შედარებით“ - აღნიშნავს ორგანიზაციის დამფუძნებელი ბექა ირემაშვილი.

„მაუნთ ბაიკის“ მოყვარული ახალგაზრდები იკრიბებიან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპეციალური ველოსიპედებითა და აღჭურვილობით დატვირთული მიკროავტობუსით მიდიან, შემდეგ კი მთის გზებზე ეშვებიან, რომლის მანძილი 25-40 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ ამ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს, ხოლო არასრულწლოვნებს 15 წლიდან მშობლის ნებართვისა და ხელმოწერის საფუძველზე. კითხვაზე: აქვს თუ არა კავშირი ორგანიზაციას სპორტულ ფედერაციებთან, დამფუძნებელმა გვიპასუხა, რომ ფედერაციებთან არ აქვთ კავშირი, საკუთარი სახსრებით უწევთ ყველაფრის შეძენა და იმედოვნებენ, რომ მომავალში მათი მხრიდან მხარდაჭერა იქნება.

„ჩვენთან არსებულ უსაფრთხოებას რაც შეეხება, სერიოზულად არავინ დაშავებულა, მხოლოდ მსუბუქი ტრავმები ხდება, ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ექიმი გამხდარიყო საჭირო“ - აღნიშნავს ბექა ირემაშვილი. „ჩაფხუტები, მუხლისა და იდაყვის დამცავები გვაქვს, ასევე ინსტრუქციას ვუკითხავთ ტურის მონაწილეებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გზაში უსაფრთხო სიარულისთვის, დანარჩენი კი მათზეა დამოკიდებული“.

გვანცა ცისკარიშვილი ,,Georgian Extreme Ways”-ის მოწყობილი ტურის ერთ-ერთ მონაწილეა, როგორც ის აღნიშნავს, დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ მონაწილეობს ტურებში, მაგრამ ცდილობს, დრო გამონახოს. „ექსტრემალური სპორტი სულ მიზიდავდა, ბოლო 2 წელია, რაც „მაუნთ ბაიკით“ დავკავდი, ექსტრემი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, თუნდაც ველოტური, ბევრისთვის ძალიან დამღლელია, ჩემთვისაც, მაგრამ ეს სიამოვნებას მანიჭებს. ამ ორგანიზაციის შესახებ „ფეისბუქის“ საშუალებით შევიტყვე და ჯერ მხოლოდ რკონში ვარ ორგანიზაციის წევრებთან ერთად ნაყოფი, სეზონი უკვე გახსნილია და კიდევ ვაპირებ წასვლას.“ კითხვაზე: თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ექსტრემალური სპორტი, გვანცამ გვიპასუხა, რომ მთავარია სპორტული ღონისძიებები ხშირად გაიმართოს და კარგი ორგანიზება გაუკეთდეს. ამავე აზრს იზიარებს რატი გურგენიძეც, მომავალი არქიტექტორი, რომელიც „დაუნჰილითაა“ გატაცებული, სიჩქარე და შიში - ესაა სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ორი რამ, რითიც მოიხიბლა ახალგაზრდა ექსტრემალი, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2013 წლის საქართველოს ჩემპიონატსა და გუდაურში თოვლზე ჩატარებულ ჩემპიონატში. რატის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ექსტრემალურ სპორტს არ ექცევა სათანადო ყურადღება, ახალგაზრდები მოყვარულის დონეზე არიან და არ აქვთ ხელშეწყობა: „კოჯორში ავდივართ მიკროავტობუსებით ან სატვირთო მანქანით, უძოს მონასტერთან და ვეშვებით კუს ტბამდე, იქიდან კი ვაკის პარკამდე, ტრამპლინების გაკეთება ჩვენ თვითონ გვიწევს. „დაუნჰილი“ არ არის სპორტის ოლიმპიური სახეობა, ამიტომ სახელწიფოს მხრიდან დაინტერესება ნულია, პრობლემა ყურადღების ნაკლებობაა, ხალხი ფიქრობს, რომ ბავშვები ველოსიპედზე კატაობენ, შესაბამისად, სპონსორსა და დაფინანსებაზე ლაპარაკი ზედმეტია“.

რატიმ ყურადღება კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხზე გაამახვილა, როგორც ის ამბობს, 1 წლის წინ „დაუნჰილის“ მიმდევრებმა თბილისის მერიას მიმართეს წინადადებით, რომ კოჯრის ავტობუსზე ველოსიპედების სამაგრები გაკეთებულიყო, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. „პასუხად ის მივიღეთ, რომ ავტობუსი სამაგრების წონას ვერ გაუძლებს. ერთი ველოსიპედი 10-16 კილოს, ხოლო ოთხველოსიპედიანი სამაგრი 10 კილოს იწონის, ამას ავტობუსი როგორ ვერ გაუძლებს?!“
არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლესაც აქტიურ ექსტრემალებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ დაინტერესებულნი არიან სპორტის ამ მიმართულებით და ექსტრემალური შეგრძნებაც გამოუცდიათ. სწორედ ასეთი ახალგაზრდების რიცხვს მიეკუთვნება მომავალი არქიტექტორი ნიკა ბანეთიშვილი. „მე, მაგალითად, ისტერიკული სიცილი მიტყდება მომძლავრებული ადრენალინისგან, ეს ნამდვილი ემოციების ზღვაა... მიტაცებს ავტომობილის ექსტრემალურად მართვა, ოღონდ მხოლოდ უსაფრთხოებისა და კანონის დაცვის ფარგლებში. მივლია კარტინგით, მიფრენია პარაშუტით და ვფიქრობ მომავალში კიდევ გამოვიყენებ მსგავს შანსს“ - ამბობს ის.

ადრენალინის მოყვარულია გუგა დაბრუნდაშვილიც, ის 2012 წლიდან დაკავდა მეკლდეურობით და დღეს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტია, მისი თქმით, სპორტის ამ სახეობით 25-30 წლამდე ახალგაზრდები ინტერესდებიან, მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემალური სპორტი დასახვეწია, მეტი პოპულარიზება სჭირდება, რაც სკოლიდან უნდა დაიწყოს, რომ მოსწავლეები გათვიცნობიერებულნი იყვნენ და პატარაობიდანვე ჰქონდეთ სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი.

ახალგაზრდების თქმით, ჩვენს ქვეყანაში ექსტრემალურ სპორტს ხელშეწყობა და პოპულარიზება სჭირდება, რომ შეიქმნას გარკვეული პირობები და მოყვარულებმა პროფესიულ განვითარებაზე იფიქრონ.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary