"ფრთხილად, საჭესთან ქალია?!"
25 მაისი, 2014
"ფრთხილად, საჭესთან ქალია?!" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ფრთხილად, საჭესთან ქალია“ - დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია ქალი მძღოლების შესახებ. მიუხედავად არსებული სტერეოტიპებისა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ქალბატონი იღებს მართვის მოწმობას ან აპირებს რომ აიღოს. საინტერესოა, რისი სწავლა უძნელდებათ ყველაზე მეტად ქალბატონებს, რას ფიქრობენ მამაკაცები ქალი მძღოლების შესახებ და როგორ განმარტავს ამ ტენდენციას ფსიქოლოგი და გენდერის მკვლევარი?

ანი ბურდულმა მართვის მოწმობა გასულ წელს აიღო, თუმცა, ჯერ-ჯერობით მანქანის დამოუკიდებლად მართვის სურვილი არ აქვს, რადგანაც ხშირად არ უწევს საჭესთან ყოფნა და ფიქრობს, რომ პრაქტიკა აკლია: „მართვის მოწმობის აღება გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა, რომ მანქანა გვყავს ოჯახში, ჩემი ძმა კი არ ჩქარობდა მართვის მოწმობის აღებას, ამიტომ გადავწყვიტე პირველს ჩამებარებინა გამოცდა და მეტარებინა მანქანა. სწავლის პროცესში განსაკუთრებულ სირთულეს არ შევხვედრივარ, უბრალოდ, გამოცდაზე მეგონა, რომ ავტოფარეხში, ე.წ. „გარაჟში“ შესვლა გამიჭირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სულ პირველად ავტოსკოლის მანქანაზე დავჯექი და დაბნეული ვიყავი, მაგრამ ძალიან ადვილი აღმოჩნდა და კმაყოფილი დავრჩი“.

ქალბატონებში მართვის მოწმობის აღების სურვილები და მიზეზები განსხვავებულია, ზოგი იმიტომ იღებს მართვის მოწმობას, რომ უკვე ჰყავს მანქანა, ზოგი იმიტომ იღებს, რომ აპირებს მანქანის ყიდვას, ზოგს კი, უბრალოდ, ძალიან უყვარს მანქანის მართვა.

ავტოსკოლის მოსწავლე მინდია რაზმაძე აღნიშნავს, რომ ქალებმა თეორიული ნაწილი, მოძრაობის წესები უკეთ იციან, მაგრამ როდესაც ხედავს, რომ საჭესთან ქალია, მაინც შიშის გრძნობა უჩნდება: „როდესაც ვხედავ ქალ მძღოლს, პირველი აზრი არის, რომ შეიძლება ისეთი მოქმედება გააკეთოს, რომელიც ხელს შეუშლის მოძრაობას. ვფიქრობ, რომ ქალები ძალიან ცუდად ატარებენ ავტომობილს, ნუ კაცებიც, მაგრამ ქალები უფრო ცუდად. ქალი მძღოლები მოხერხებულები რამდენად არიან არ ვიცი, მაგრამ ფრთხილები ნამდვილად არიან“.

როგორც ფსიქოლოგი ნინო ახალაია აღნიშნავს, სიტყვათა შეთანხმება „ქალი საჭესთან“ მამაკაცების სულ უფრო მცირე რაოდენობის მხრიდან, გარკვეულწილად ირონიულ დამოკიდებულებას დღემდე იწვევს: „თუკი რამდენიმე წლის წინ ქალი მძღოლები გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენდნენ და მანქანის მართვა უპირატესად მამაკაცის საქმედ მიიჩნეოდა, დღეს უკვე ეს სტერეოტიპული მოსაზრება სტატისტიკამაც დაამსხვრია. მატულობს ქალბატონების რაოდენობა, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი ავტომობილი და თავად განკარგავენ სამოძრაო განრიგსა და მიმართულებას. მიუხედავად იმისა, რომ დიფერენციული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ქალები სტრესულ სიტუაციებში უფრო მიდრეკილნი არიან ემოციურად მწვავე რეაგირებისკენ, ისტერიული რეაქციისკენ და ა.შ. თუ პიროვნებას კონცენტრირება უჭირს, კრიტიკულ სიტუაციაში ადვილად იბნევა და ადეკვატურად შექმნილ გარემოებაზე ვერ რეაგირებს, პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ვერ აღიქვამს საგზაო წესებისა და სიფრთხილის აუცილებლობას, ასეთ დროს, გენდერულ მიკუთვნებულობასა და სქესს მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს“.

ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართვის მოწმობის აღების მსურველი გოგონების, ქალბატონების რაოდენობა გაიზარდა, ეთანხმება ავტოსკოლა „ლიდერის“ დამფუძნებელი და თეორიის მასწავლებელი ნინო: „თუ ადრე ავტომობილი მიიჩნეოდა კომფორტის საშუალებად, დღეს ეს არის გადააადგილებისთვის აუცილებელი პირობა, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გამართლებულიც არის, რომ გაიზარდა მანდილოსანი მსურველების რაოდენობა. რაც შეეხება სირთულეს, უნდა აღვნიშნო, რომ მანდილოსნებს თეორიის სწავლა უფრო უადვილდებათ, მაგრამ, სანამ დაიწყებენ სწავლას, მაინც აქვთ შიში მარეგულირებელი ნიშნების, სიგნალების, პოლიციელის მოძრაობების გაგების, მაგრამ როდესაც უკვე იხსნება თემა და ვაკეთებთ სავარჯიშოებს, მარტივად იგებენ. ერთადერთი შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა დონეზე მაინც უჭირთ შუქნიშანი და გზაჯვარედინი. პრაქტიკას რაც შეეხება, პრაქტიკაზე უჭირთ ე.წ. „გარაჟი“ . დასაწყისში უჭირთ, მაგრამ მერე უკვე ამასაც ადვილად ითვისებენ“.

როგორც გენდერის მკვლევარი ნარგიზა არჯევანიძე განმარტავს, საზოგადოების წინასწარგანწყობებსა და მოლოდინს კულტურა აყალიბებს, სხვადასხვა დროს კი სხვადასხვა მოთხოვნა მოაქვს: „საქართველოში 90-იანი წლების შემდეგ გენდერული როლების ტრანსფორმაცია სოციალურმა და პოლიტიკურმა პროცესებმაც განაპირობა და ვფიქრობ, დღეისთვის გარკვეულწილად მაინც მოხდა გენდერული როლების გადაფასება. უფრო მეტი ქალის სურვილი, აიღოს მართვის მოწმობა, ამ პროცესის ნაწილი მგონია. გარდა ამისა, 20 წლის მანძილზე ფინანსურად დამოუკიდებელი და რეალიზებული ქალების რიცხვიც გაიზარდა, რაც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მიზეზი. მანქანის ფლობას პრაქტიკული დანიშნულება აქვს: საქმიანი, რეალიზებული და დასაქმებული ქალისთვის აუცილებელია დროულად მივიდეს დანიშნულ ადგილამდე. გენდერულ როლებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, გენდერული სტერეოტიპებს ვერ ავარიდებთ თავს. სტერეოტიპები, ტრადიციული შეხედულებები ყალიბდებოდა თაობების მანძილზე, ამიტომ მათი მარტივად და უმტკივნეულოდ შეცვლა წარმოუდგენელია. მიუხედავად რეალიზებული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალების რაოდენობის ზრდისა, სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში მეტწილად ისევ კაცი მიაჩნიათ ძლიერ, დამოუკიდებელ, წარმატებულ, რაციონალურ, გონიერ, კარიერაზე ორიენტირებულ, გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად და არა ქალი“.

ნარგიზა არჯევანიძე ასევე აღნიშნავს, რომ ქალის მიერ მანქანის არასათანადოდ მართვის შესახებ არსებული სტერეოტიპიც, იმ ფაქტიდან მომდინარეობს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალის შესახებ კულტურული წარმოდგენა ბოლო წლების განმავლობაშიც დიდად არ შეცვლილა. გენდერის მკვლევარის თქმით, „ქალი მძღოლების მომრავლება, პირველ რიგში იმის დადასტურებაა, რომ მანქანის მართვის ცოდნას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული უნარი. სწორედ კულტურული შეხედულებების გამო, რომლებიც, საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში კარგავენ აქტუალობას, ქალი მიჩნეული იყო კაცისგან განსხვავებული უნარების (და პირიქით) ადამიანად, რომელსაც მანქანის სათანადოდ მართვის უნარი არ შესწევდა“.

გამოდის, რომ არსებული სტერეოტიპი - „ფრთხილად, საჭესთან ქალია“ რეალურ გაფრთხილებას არ წარმოადგენს, რადგან მანქანის მართვის დროს შეცდომები შეიძლება დაუშვან თანაბრად, როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმაც. ბოლოს კი, ნარგიზა არჯევანიძემ აღნიშნა: „საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ აქტივობის, საქმიანობის, პროფესიის და ა. შ. სქესის ნიშნით დაყოფა მცდარია“.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary