ნინო ზურიაშვილი: „ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მორჩილი"
12 ივლისი, 2014
ნინო ზურიაშვილი: „ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მორჩილი" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობა ისეთივე ამოცანაა, როგორც მათემატიკოსისთვის რთული მაგალითი. ეს არის პროცედურა, რომელიც მე ძალიან მიზიდავს “ - ნინო ზურიაშვილი.

წლებია, რაც ის ქართულ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. ის სტუდია „მონიტორი“-ს დამფუძნებელია. მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მარკეტინგის სპეციალობა, ასპირანტურაზე სწავლის პერიოდში, დაიწყო სტატიების წერა ეკონომიკის საკითხებზე. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მის პროფესიას (ეკონომიკას) უკავშირდებოდა. ნინოს ჟურნალისტური კარიერის დასაწყისი გაზეთ „კავკასიონს“ უკავშირდება. ამის შემდეგ ნინო ზურიაშვილი მუშაობას იწყებს გადაცემაში „60 წუთი“, სადაც აკაკი გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტად მიიწვია.

საქართველოში ჟურნალისტის თავისუფლებაზე ნინოს შემდეგი პასუხი აქვს: „ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. არათავისუფალი ჟურნალისტიკა არასოდეს მიკეთებია, თუმცა, ზეწოლის მცდელობა ყოფილა და ამას მეც გავუსინჯე პატარა გემო“.

გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ზურიაშვილი სტუდია „მონიტორს“ აფუძნებს. ამ დროს უკვე მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უნდა ემუშავა თავისუფალი ჟურნალისტიკაზე, თუმცა, გაჩნდა დაფინანსების მწვავე პრობლემა, ამის აღმოფხვრას კი დიდი დრო დასჭირდა.

„ამ პერიოდში დაარსდა სხვა სტუდიებიც. მრავალი მათგანი პოლიტიკურად იყო მოტივირებული და დაფინანსებული, თუმცა, ისინი მალევე დაიხურა. სტუდია მონიტორი კი გადარჩა, იმიტომ რომ არ გადაუხვია თავის გზას. არცერთი თეთრი პოლიტიკური ფული, ჩვენ არასოდეს მიგვიღია“. ფიქრობს, რომ მათი მუშაობა დაფასდა, რადგან თუ სადმე კონკურსი გამოცხადდა და სტუდია „მონიტორი“ მონაწილეობას იღებდა, თითქმის ყველგან გამარჯვებული ხდებოდა.
სტუდია „მონიტორი“ არის საგამოძიებო სტუდია, სადაც ჟურნალისტური გამოძიება მზადდება. აქ მომუშავე გუნდის მთავარ მისიას მწვავე პრობლემების გაშუქება წარმოადგენს. ნინო ზურიაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის ჟურნალისტიკის გამოწვევა. „როდესაც ჟურნალისტი საზოგადოებას აწვდის ობიექტურ მასალას, სწორედ მაშინ ყალიბდება საღი აზრი. ჟურნალისტიკის პასუხისმგებლობაა, წამოსწიოს კრიტიკული აზრი, დაიწყოს საზოგადოებისთვის მწვავე თემებზე დისკუსია. მოიზიდოს ხალხი ამ დისკუსიაში ჩასართავად. ხელისუფლებას ინფორმირებული საზოგადოების ეშინია და იძულებული ხდება სწორი რეაგირება მოახდინოს“.

ამბობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მმართველობის დროს, განსხვავებული იყო ხელისშემშლელი ფაქტორები. „შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, ჩვენი გუნდი მუშაობდა ნომერ პირველი ტელევიზიის ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში“ - იხსენებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობის პერიოდს. ამბობს, რომ უძნელდებოდათ ინფორმაციის მოპოვება, თუმცა, გადაცემის მაღალი რეიტინგი მათ ამ საქმეს უადვილებდა. ნინოს თქმით, მას შემდეგ, რაც ელექტრონული ინფორმაციის მოპოვება გაადვილდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისუფალ მედიაზე ძალადობა დაიწყო. კერძოდ, შეცვალეს მედიასაშუალებების დამფუძნებლები და მათ ნაცვლად დანიშნეს მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. „ამ დროს ჩვენზე ძალადობდა არა ხელისუფლება, არამედ მისი მეგობარი, რომელიც იყო მედიასაშუალების მფლობელი“.

ზურიაშვილი საუბრობს ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც მედიის მიმართ. „მათ რომ ჰკითხოთ, მედია გაათავისუფლეს, თუმცა, ეს ასე არ არის“.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ტელევიზიები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალნი არ არიან, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მაინც არ იზღუდება. ჟურნალისტების ობიექტურობა და პროფესიონალიზმი დამოკიდებულია იმ მედიასაშუალებაზე, სადაც ის მუშაობს: „სადაც დუღს პროცესი სახელად ჟურნალისტიკა, იქ ყალიბდები ან ობიექტურ ან სუბიექტურ ჟურნალისტად“.

მან მეგობრებთან ერთად ასევე დააფუძნა მედია კლუბი, რომლის მიზანი იყო ბრძოლა მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის. „თუ რამის შეცვლაა საჭირო, რაც ხელს გვიშლის ინფორმაციის მიღებაში, სწორედ იმის წინააღმდეგ გალაშქრება და ამის ხმამაღლა თქმაა ჩვენი მიზანი“.

ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოს რკინიგზაში არსებულ კორუფციაზე, მიღებული აქვს „განსაკუთრებული აღიარება“ „საგამოძიებო ჟურნალისტები და რედაქტორების“ მიერ, რომელსაც თავად ნინო ასე აფასებს: „ეს იყო პატარა ჯილდო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი“.

ფიქრობს, რომ ის ახალგაზრდები შეძლებენ ამ სფეროში თავის დამკვიდრებას, რომლებიც მოტივირებულები არიან და აწუხებთ ჟურნალისტიკის ბედ-იღბალი.

„ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მორჩილი. მას უნდა ჰქონდეს საღი გონებრივი შესაძლებლობები“.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary