ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში
19 ივლისი, 2014
ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

2014 წლის მარტიდან ხუთი თვის განმავლობაში თბილისში, ზუგდიდსა და თელავში პროექტი „ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში“ მიმდინარეობდა. მისი ჩატარების ინიციატივა სამ არასამთავრობო ორგანიზაციას - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრს (CSDC), ,,საუნჯესა“ და „აფხაზეთს“ ეკუთვნის.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)“ ხელმძღვანელი ნინო თოდუა ამბობს, რომ პროექტის ჩამოყალიბებამდე პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ,,ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ტრენინგზე გაიცნო. „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ჰქონდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებისათვის მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაგვიტარდა ადვოკატირების კამპანიის ტრენინგი. საქართველოს მასშტაბით მოწვეული იყო 18-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და საერთაშორისო ტრენერები. მიზანი იყო, რომ მონაწილე არსამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიგვეღო უნარები, რათა მომავალში ჩვენ თვითონ დაგვეგეგმა ადვოკატირების კამპანია. ეს ჩემთვის ორმაგად საინტერესო ტრენინგი იყო: ერთი, რომ ინფორმაცია მივიღეთ, და ასევე, შევიძინე ახალი მეგობრები, ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებთან ერთად დავწერე კოალიციური პროექტი. ეს ორგანიზაციებია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯე“ ზუგდიდში და ორგანიზაცია ,,აფხაზეთი“, რომელსაც დღის ცენტრები აქვს კახეთში“.

მას შემდეგ, რაც ,,ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კოალიციური პროექტის შექმნა გადაწყვიტა. „სამი არასამთავრობო შევიკრიბეთ და დავწერეთ პროექტი „ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში“. პროექტის მიზანი იყო სამ ქალაქში - ზუგდიდში, თელავსა და თბილისში ახალგაზრდების გააქტიურება. მათ თავად უნდა გამოევლინათ ის პრობლემები, რაც ახალგაზრდებს აქვთ, დაეგეგმათ ადვოკატირება და განეხორციელებინათ პრობლემების გადაჭრის მათ მიერ განსაზღვრული გზები“ - ამბობს ნინო თოდუა.

პროექტი, დაახლოებით, ხუთ თვეს გრძელდებოდა. მისი მონაწილეები აპლიკაციის ფორმის მიხედვით შეირჩნენ. შერჩეულმა 56-მა მონაწილემ რამდენიმედღიანი ტრენინგები გაიარა. ნინო თოდუას თქმით, „ტრენინგები ჩატარდა სოციალური მედიის, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და პიროვნული - საპრეზენტაციო უნარების ჩამოყალიბების შესახებ. უფრო დიდი დრო დავუთმეთ ადვოკატირების კამპანიას იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ამ თემაზე ძალიან მცირე ინფორმაცია ჰქონდათ“.

ტრენინგების დასრულების შემდგომ მონაწილეებმა გამოავლინეს პრობლემები, რომლებზეც თავიანთ ქალაქებში ღონისძიებების ჩატარება სურდათ. თბილისში ჯგუფის წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს დასუფთავების თემა. „პრობლემა ზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო ჩანს. ახალგაზრდები ჩაუღრმავდნენ თემას და დაკონკრეტდნენ ბანკებსა და ბანკომატებთან მდგარ ჩარიცხვის აპარატებზე. ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ახალაგაზრდებმა მოაწყვეს მრგვალი მაგიდა, სადაც მოიწვიეს თემაზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე, სადაც გვერდიგვერდ სამი ბანკია, მოაწყვეს ფლეშმობი. ჩვენი დევიზი იყო, რომ აუცილებელია ურნა ყველა ბანკომატთან იდგეს. ფლეშმობმა არამარტო ბანკების, არამედ გამვლელების ყურადღება მიიქცია“ - გვეუბნება ნინო თოდუა.

პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, თბილისის მერიას მიმართონ, რომ ყველა ბანკომატთან დაიდგას სანაგვე ყუთი.

როგორც თბილისის ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე ნანა აფციაური გვეუბნება: „ტრენინგების გავლის შემდეგ სამივე ჯგუფში გამოვყავით ის პრობლემები, რაც გვაწუხებს. შემდეგ შევარჩიეთ კამპანია სლოგანით - „იფიქრე და იმოქმედე ახლოს ურნაა“. ძირითადად, აქცენტი გავაკეთეთ ჩეკებითა და ბილეთებით დაბინძურებაზე. შევიმუშავეთ წერილები, მივიტანეთ ბანკებში, რომ ბანკომატებთან დადგან ურნები. საინტერესო პროექტი იყო და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას“.

„როგორც სხვა რეგიონებში, ასევე ზუგდიდშიც ჯგუფის წევრებს ადვოკატირებისათვის უნდა შეერჩიათ ერთი საკითხი, თუმცა, მათ მიერ შერჩეული საკითხებიდან არჩევანი ორ პრობლემაზე შეაჩერეს. ეს არის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობის საკითხი და არაჰიგიენური საზოგადოებრივი საპირფარეშოები ზუგდიდში“ - ამბობს ორგანიზაცია ,,საუნჯეს“ წარმომადგენელი.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა მოიპოვეს მხარდამჭერები და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართეს აქცია, რომელსაც ორასზე მეტი ახალგაზრდა შეუერთდა. ახალგაზრდებმა შეიმუშავეს და საზოგადოებას გააცნეს წინადადებათა პაკეტი ორი შერჩეული საკითხის შესახებ, წინადადებათა პაკეტს 252-მა ახალგაზრდამ მოაწერა ხელი, ინიციატივა მიეწოდა ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატებს. ,,მერობის კანდიდატებთან შეხვედრაზე გამოფენილი იყო საპირფარეშოებში ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფოტოები, რომელიც ასახავდა იქ არსებულ არაჰიგიენურ პირობებს. მერობის კანდიდატებმა აღნიშნეს, რომ ეს არის საკითხები, რომელთა სიმწვავე აშკარაა ზუგდიდში. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, ახალგაზრდები კვლავ გააგრძელებენ მუშაობას, ზუგდიდის მერსა და საკრებულოს მიმართავენ მათ მიერ წამოყენებული საკითხების მოგვარებისთვის“ - აღნიშნავს ორგანიზაცია „საუნჯეს“ წარმომადგენელი.

თელავში ახალგაზრდებმა ადვოკატირებისათვის აირჩიეს ქალაქში სპორტულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება. „ისინი შეხვდნენ საკრებულოს წარმომადგენლებს, თელავის ცენტრში გამართეს საინტერესო ფლეშმობი და საზოგადოებას მიაწოდეს ადვოკატირების თავიანთი ხედვა, რომ აუცილებელია, თელავში სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდეს“ - ამბობს ნინო თოდუა.

ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” პროგრამის მენეჯერი ხათუნა იოსელიანი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: „ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო” 2011 წლიდან ახორციელებს ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშემწყობ პროექტებს. ფონდის დახმარებით გაძლიერდა კავშირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, შეიქმნა პლატფორმები ახალგაზრდების მოსაზრებების ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოებისათვის უკეთ გასაცნობად, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბები, შეიქმნა სატელევიზიო და რადიოპროგრამები რეგიონებში, იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების მიზნით მოხდა მათი გადამზადება პროფესიულ სასწავლებლებში და სტაჟირების ორგანიზება სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში. საქართველოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გაიზიარეს აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით“.

ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” პროგრამის კოორდინატორის ნინო კიკნაველიძის თქმით, 2011-2013 წლებში ფონდის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა რამდენიმე კვლევა ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციების ძირითადი გამოწვევების და საჭიროებების შესასწავლად: „აღნიშნული გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლის საფუძველზე 2013 წლის შემოდგომაზე ფონდმა განახორციელა ახალგაზრდობისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერების შიდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამ ორგანიზაციების თანამშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინათ ცოდნა და უნარ-ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა პროექტების მომზადება, თანხის მოძიება, მხარდამჭერთა მოზიდვა, მრავალფეროვნების მართვა, ახალი ადვოკატირების სტრატეგიებისა და ახალი მედიასაშუალებების გამოყენება კამპანიების დაგეგმვისას. ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საგრანტო კონკურსიც, რომელმაც საშუალება მისცათ, მონაწილე ორგანიზაციებს მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ ახალგაზრდობის საჭიროებებზე მიმართული ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიარეს ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” და ქსელური პროგრამის „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე“ მიერ განხორციებული ტრენინგები. ფონდი აფინანსებდა ახალგაზრდობის საჭიროებებზე მიმართულ 10-15 ინოვაციურ პროექტს. აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფონდმა “ღია საზოგადოება - საქართველო”-მ მხარი დაუჭირა ახალგაზრდული პროექტის “ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში” დაფინანსებას. ამ კოალიციურ პროექტს 3 ორგანიზაცია -,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“, ,,საუნჯე“ დასაქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ ახორციელებდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების გაძლიერება თბილისში, ზუგდიდსა და თელავში, მათ მიერ ახალგაზრდებისთვის არსებული აქტუალური საკითხების გამოკვეთა და მათი ადვოკატირება. ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: თანამედროვე ტექნოლოგიები, სოციალური მედია, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა, კომუნიკაცია და პრეზენტაცია. პროექტი ითვალისწინებდა სამი რეგიონის ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირებას და კოალიციური მუშაობის გაგრძელება-გაძლიერებას.

პროექტი შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, პრობლემა მკაფიოდ იყო განსაზღვრული/ჩამოყალიბებული, პროექტს ჰქონდა მცირე თანადაფინანსება, მოიცავდა 3 რეგიონის ახალგაზრდების ჩართულობას და შეიცავდა ადვოკატირების ელემენტებს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ 2010 წელს დაარსდა. ცენტრი, ძირითადად, ახალგაზრდებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს: ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან, იძულებით გადაადგილებულ გოგონებთან, ქალთა უფლებების დაცვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary