ახალგაზრდების ახალი გატაცება - ლაშქრობა
20 სექტემბერი, 2014
ახალგაზრდების ახალი გატაცება - ლაშქრობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ლაშქრობა - სპორტული ტურიზმის სახეობა. ტურიზმის ეს დარგი ხშირად მოგზაურის ფეხით მგზავრობას, თავშესაფრისა და სურსათის ზურგით ტარებას გულისხმობს. ეს ლაშქრობის ერთგვარი ოფიციალური, ფორმალური განმარტებაა, უფრო ხშირად კი სიტყვა „ლაშქრობა“ თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების, განტვირთვის, ახალი ადგილების მონახულების, ახალი თავგადასავლების, ახალი ადამიანების გაცნობის და, რაც მთავარია, საკუთარი თავის, შესაძლებლობის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა.

საქართველოში ტურიზმის ეს სახეობა ბოლო წლების განმავლობაში, სულ უფროდაუფრო პოპულარული ხდება, არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც.

გვანცა გაზდელიანმა ლაშქრობაში სიარული ბავშვობიდან დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, ლაშქრობა იმიტომ უყვარს, რომ ბუნებაში გასვლა ენერგიას მატებს და სახლში დამუხტული ბრუნდება: „ბოლოს ლაგოდეხის ნაკრძალის დასალაშქრად ვიყავი. მართალია, ფეხით 54 კილომეტრი ვიარე, თუმცა, ამად ღირდა, ულამაზესი იყო იქაურობა. ლაშქრობაზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ ნებისმიერი დეტალი: დასველებული ფეხსაცმელი, დახეთქილი ტუჩები, დასიებული ფეხები და საშინელი დაღლილობაც კი კარგად მახსენდება, სხვაგვარად შეუძლებელია ლაშქრობა. მთავარი ის არის, რომ რასაც ხარჯავ, ორმაგს იღებ, იღლები, მაგრამ შემდეგ უკვე ყველაფერი კარგად გახსენდება. ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, დაღლილი ბოლომდე რომ ადიხარ დანიშნულების ადგილამდე და ხვდები, რომ შეძელი, მიუხედავად ყველაფრისა. კიდევ კარვების გაშლის მომენტი მიყვარს, დაბანაკებას რომ ვიწყებთ, შემდეგ ცეცხლს რომ ვანთებთ და მის ირგვლივ ვსხდებით“.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ტურიზმის ეს სახეობა ყველასთვის თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებასა და განტვირთვასთან არ ასოცირდება. ნათია ბრეგვაძე სწორედ ამ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება: „მე პირადად, არ ვარ ლაშქრობის მოყვარული, რადგან ლაშქრობა ჩემთვის დამღლელია, არაკომფორტულია, არ მიყვარს კარავში ან საძილე ტომარაში ძილი, დიდხანს ფეხით სიარული, თუმცა, ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს არაკომფორტული პირობები არ აწუხებს და თან თავგადასავლებისა და სიახლის ძიებაში არიან, ლაშქრობა მშვენიერი საშუალებაა“.

ლაშქრობის მოყვარულთათვის საქართველოში საკმაოდ ბევრი კლუბია შექმნილი. რამდენიმე კლუბი მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციაშია გაერთიანებული. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია უკვე 2 წელზე მეტია რაც დაარსდა.

როგორც ვიცეპრეზიდენტმა ბექა ბუხრაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლის განმავლობაში დაახლოებით 50-70%-ით გაიზარდა ლაშქრობით დაინტერესებულთა რიცხვი: „მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის დაარსების მთვარი მიზანი იყო ის, რომ საქართველოში ეს სფერო უფრო პოპულარული გაგვეხადა და ამავდროულად მოგვეწესრიგებინა მთელი რიგი საკითხები, რომ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონოდათ ქართველებსა და უცხოელებს საქართველოში სწორად ლაშქრობისთვის. რაც შეეხება კლუბებთან მიმართებაში ფედერაციის ფუნქციებს, ჩვენი მთავარი ფუნქცია არის კოორდინირების გაწევა და ხელშეწყობა ამ ჯგუფების გამართული მუშაობისთვის. ფედერაცია ერთგვარი შუამავალია კლუბებს შორის, მაგალითად, არის ადგილები, სადაც რამდენიმე ჯგუფი ერთად ვერ წავა სალაშქროდ, იმიტომ რომ საბანაკო ადგილები არ არის; ასეთ დროს ფედერაცია კლუბებს უწევს რეკომენდაციას და აფრთხილებს, რომ ამ შაბათ-კვირას იმ კონკრეტულ ადგილზე უკვე 4 კლუბი მიდის და თქვენ რომ ახვალთ, თქვენთვის ადგილი აღარ იქნება. ყველა კლუბი ვერ ახერხებს სტაბილურად ხალხის ტარებას სალაშქროდ, იმისთვის, რომ ეს დარგი არ ჩავარდეს და რეალურად მუდმივად აქტიური იყოს, მუდმივად ჩართულები იყვნენ ამ სფეროში, ფედერაციიდან ვაკეთებთ ყოველ შაბათ-კვირას გასვლას“.

ბექა ბუხრაშვილი მოლაშქრეებს რეკომენდაციებს აძლევს: „პირველ რიგში, მოლაშქრეებს ვურჩევთ, რომ კამუფლაჟები არ ჩაიცვან იმიტომ, რომ მერე მონადირეებს ერევათ ხოლმე და ცხოველის მაგივრად შეიძლება ესროლონ, ამის გარდა, გოგოებს ვთხოვთ ხოლმე, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩაიცვან, იმიტომ, რომ მერე ან ქუსლებს ვამტრევთ ფეხსაცმელებს, ან ფეხშიშველები დადიან, კიდევ ვთხოვთ, რომ ელექტროხელსაწყოები არ ატარონ ლაშქრობებზე, არ არის იქ დენის წყარო, მაგრამ მაინც დააქვთ ხოლმე უთო, ფენი, მიქსერი, ელექტროტაფა. ვისაც ლაშქრობა სურს, ვურჩევ გამონახონ დრო, სურვილი და დანარჩენში ჩვენ დავეხმარებით“.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary