უცხოეთში წასვლა სამუშაოდ, დასასვენებლად, უფრო მეტად კი განათლების მისაღებად სტუდენტებისა და ახალგაზრდების დიდ ნაწილს სურს.
სტუდენტების უმეტესობა ოცნების ასასრულებლად უნივერსიტეტში სწავლის დროსაც ახერხებს უცხოეთში წასვლას სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით. ნაწილი კი - უკვე სწავლის დასრულების შემდეგ ცდილობს, როგორმე გადაკვეთოს საზღვარი.
უცხოეთში წასვლასა და სწავლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს. ,,სწავლის მიზნით უცხოეთში წასვლას ვაპირებ. მინდა, იქ ავიღო მაგისტრის ხარისხი. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან არ არის ძლიერი სახელმწიფო უნივერსიტეტები, ხოლო კერძო სასწავლებლებში ისეთი დიდი გადასახადია, რომ მაგ თანხით უცხოეთშიც ისწავლი. უცხოეთის სასწავლებლებშიც საკმაოდ დიდია სტიპენდიის აღების შესაძლებლობაც. მე გერმანიაში ვაპირებ წასვლას, იქ მინიმალური გადასახადია, თან სტუდენტური სამუშაოებია და თავს ადვილად გაიტან. ამასთან, გერმანიაში წასვლაც არ არის რთული, ვიზის აღება არ ჭირს. ჯერ ოპერ პროგრამით წავალ, გერმანულს დავხვეწ და შემდეგ უნივერსიტეტშიც ჩავაბარებ. ადვილი არაფერია, მაგრამ ეს უფრო რეალურად მიმაჩნია, ვიდრე აქ ჩავაბარო მაგისტრატურაში" - ამბობს ნათია ბარბაქაძე. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში აფასებენ უცხო ქვეყანაში მიღებულ განათლებას, დიპლომს, ასე უფრო მარტივადაა შესაძლებელი სამსახურის მოძიება.
სალომე ჩიქოვანი უკვე ორი წელია გერმანიაშია, საკუთარი მონდომებით ყველა პრობლემა გადალახა და წავიდა. ძალიან უნდოდა მოგზაურობა, სხვა ქვეყნის გაცნობა და ახლა ბედნიერია იქ ყოფნით.
თეონა კიკაბიძეს გერმანიაში წასვლა ცხოვრების ცოტა უკეთესობისკენ შეცვლამ გადააწყვეტინა. საქართველოშიც არ იყო ცუდად, მაგრამ ერთფეროვნება მობეზრდა. უკვე წელიწადი და 3 თვეა წასულია ქვეყნიდან, გამომუშავებული ფული ნორმალურად ყოფნის ცხოვრებისა და გართობისთვის. ენას რომ აითვისებს, სწავლის გაგრძელებაც უნდა. ,,თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ აქ ყველაფერი გამართლებაზეა. გააჩნია, შენ როგორი ხარ და როგორ გარემოში მოხვდები. სიმართლე რომ ვთქვა, სურვილები ამისრულდა და ყველაფერი კარგადაა. ამ ქვეყანაში იციან ახალგაზრდა ადამიანი როგორ დაასაქმონ, როგორი გარემო შეუქმნან, ჩვენთან კი - ერთეულები პოულობენ სამსახურს. აქ თავს ადამიანად გრძნობ. ყველას ვურჩევდი ცოტა დრო მაინც გაეტარებინა უცხო ქვეყანაში" - ამბობს თეონა.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის 2012 წლის მონაცემებით, ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 4 000-ით მაინც აღემატება ქვეყანაში შემოსულ ადამიანთა როდენობას. წასვლის სურვილი განსაკუთრებით დიდია 20 წლიდან 39 წლის ასაკამდე ახალგაზრდებში. სულ კი ემიგრაციაში 2012 წელს 28 544 კაცია წასული. განსხვავებული მდგომარებაა ქალების შემთხვევაში. 2012 წელს ემიგრაციაში წავიდა 20-39 წლის 16 083 ქალი.
ახალგაზრდების ქვეყნიდან გასვლის ტენდენციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ საუბრობს ეკონომიკის დოქტორი მანანა ლობჟანიძე. მისი თქმით, უმაღლესდამთავრებულთა მიგრაციას, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები აქვს. ქვეყანა, საიდანაც გაედინებიან ახალგაზრდები, კარგავს ინტელექტუალური პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ინვესტირებულია ოჯახის, ან სახელმწიფოს მიერ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უმნიშვნელოვანესი კადრებით ავსებს, როგორც მეცნიერებას, ისე ეროვნულ ეკონომიკას. ,,უცხოეთში განათლების მიღებას უნდა შევხედოთ არა ვიწრო ნაციონალური პრიზმიდან, არამედ, საკადრო პოტენციალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი განვითარების ჭრილში".
განსხვავებულია 20 წლის თამუნას აზრი, ის საქართველოში დარჩენასა და დაბალანაზღაურებად სამსახურს ამჯობინებს. ,,არ მომწონს, როცა ჩემი ასაკის ადამიანები ამბობენ, რა "ბანძ" ქვეყანაში ვცხოვრობთო და ევროპაში ან ამერიკაში წასვლაზე ოცნებობენ, ჰგონიათ, იქ სამოთხე ელოდებათ".
25 წლის გოგას ყოველთვის უნდოდა სხვა ქვეყანაში წასვლა ჯერ სასწავლებლად, შემდეგ სამუშაოდ. ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტიც საქართველოში დაასრულა და შემდეგ დასაქმდა. კმაყოფილია შემოსავლით, ახლა სამოგზაუროდ უნდა წასვლა იტალიაში და იმედი აქვს, ამ სურვილს მაინც აისრულებს. ,,რატომ მინდოდა და მინდა წასვლა? უფრო მეტი თავისუფლებისთვის, უცხოეთი სხვა სივრცეა, მიჩვეულისგან განსხვავებული, მიმზიდველია. ენის დახვეწაც მინდა. ახლა თუ არა, მომდევნო წელს მაინც წავალ. აუცილებლად წავალ" - ამბობს გოგა.
უცხოეთში წასვლა ერთია, მაგრამ იქ არსებული რეალობა - მეორე. სრულიად შესაძლებელებელია, ვერ გაუძლო არსებულ გარემოს, ვერ შეეგუო ცხოვრების რიტმს. ზვიად ინასარიძე საქართველოდან მშობლებთან ნიუ-იორკში 2009 წელს წავიდა. ,,რომ ვთქვა, თავს კარგად ვგრძნობ-მეთქი, ტყუილი იქნება. სხვა ქვეყანაში თავს ბედნიერად ვერასდროს იგრძნობ, თუ მათი წეს-ჩვეულებები შენც არ გაითავისე". ზვიადი საუბრობს სწავლის პერსპექტივაზეც. ,,რაც შეეხება განათლების აქ მიღებას, ერთია, რომ აქ თუ კარგად არ ისწავლე, მართლა არავინ არაფერს დაგიწერს. პატარა დიპლომიც რომ აიღო, ისიც კი ჯობია ჩვენთან დამთავრებულ მინიმუმ ბაკალავრს და ზოგჯერ მაგისტრს". ნიუ-იურკში დარჩენას არ აპირებს. სწავლის დასრულებამდე 2-3 წელი დარჩა. ენანება აბიტურიენტობის დრო, რომელიც მეგობრებთან ვერ გაატარა.
საქართველოში ახალგაზრდების 14% საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლას ფიქრობს - ეს არის მონაცემი, რომელიც ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ "Gellap Internation" 2013 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის შედეგად მიიღო. კვლევამ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოიცვა.
კერძოდ, რამდენი ადამიანია საზღვარგარეთ წასული, ამის ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა და შემდეგი 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო. ფინანსური კრიზისის გამო ვადამ გადაიწია და მომდევნო აღწერა 2014 წლის ნოემბერში ჩატარდება.