ჟურნალისტი და ცოტა მეტი...
29 ივნისი, 2013
ჟურნალისტი და ცოტა მეტი... ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,უჩვეულოა, რომ ინტერვიუს ჩემგან იღებენ და არა მე ვართმევ სხვას"" - ამ სიტყვების ავტორი რომელი პროფესიის წარმომადგენელი იქნება თუ არა ჟურნალისტი? გულმოდგინე და შრომისმოყვარეა, მოწესრიგებული და თადარიგიანი, დაუზარელი და მოუცლელობის მიუხედავად, მუდამ თავაზიანი, კომუნიკაბელური.
მისი სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება. ეს იმიტომ, რომ ყველაფერი მოასწროს. დღის დასაწყისი იცის, დასასრული ნაკლებად, თუმცა, ძალების მოსაკრებად ცდილობს, ადრე დაიძინოს. ამბობს, რომ ამ აუარებელი სამუშაოს გარეშე უკვე აღარ შეუძლია: ,,ახლა მაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკი, მაგრამ ამავე დროს ვარ უბედნიერესი ადამიანი. წელს პირველად ვარ ,,კავკაზ ჯაზ ფესტივალის" პიარმენეჯერი, წელსვე უკვე მეოთხედ ვარ ,,საერთაშორისო პოეტური ფესტივალის" პიარმენეჯერი, ამასთანავე რუსული კლუბის პიარმენეჯერი. ყოველ დილით მივდივარ სამსახურში და ამის შემდეგ იწყება ფიქრი და მუშაობა უამრავ დამატებით პროგრამაზე".

ნინო წითლანაძე ამბობს, რომ გაუმართლა და გაიზარდა ნამდვილ თბილისურ ოჯახში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანია, სადაც ბევრ ენაზე საუბრობენ. მამით უკრაინელი, ხოლო დედით ქართველია. დედა მისი მეგობარია. ბევრი მეგობარი არ ჰყავს და მიაჩნია, რომ მეგობარი ეს უკვე ძალიან ახლობელი ადამიანია, ვისაც ენდობა და საკუთარ აზრებს უზიარებს. ,,მეგობრობა სიყვარულთან არის ახლოს. ადამიანი ყველას ხომ ვერ შეიყვარებს? ყველაზე ხომ ვერ იტყვი, რომ ის მისი შეყვარებულია. სწორედ ასევეა მეგობრობაც". ნინოს უახლოესი მეგობარი ეროვნებით ქურთია. 20 წლის მეგობრობა აკავშირებთ, სკოლის პირველი კლასიდან მოყოლებული. კარგად იცნობს მის კულტურას, პატივს სცემს და ამაყობს ამით. ,,მე შემიძლია, მას არაფერი ვუთხრა, მაგრამ შემომხედავს და მიხვდება, რა მინდა, რა მაწუხებს". ჯერ არ დაოჯახებულა, მაგრამ ყველაფერი წინ აქვს. იმედი აქვს, ყველაფერი კარგად იქნება და საკუთარი ოჯახი ეყოლება, მანამდე კი საკუთარი პროფესია.

ჟურნალისტობა სისხლში მაქვსო - ამბობს. ახსოვს, მის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ბიძის მეგობრები. საუბრობდნენ საინტერესოდ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე. ბიძამისი ჟურნალისტია. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი პროფესია. თვითონაც ჟურნალისტობა მოისურვა, თავიდან ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, განსაკუთრებით კი - ბიძა. ,,მეუბნებოდა, რომ ეს არ არის ქალის საქმე და რამე სხვა აირჩიე, მაგრამ არა! მე მაინც წამოვედი ამ სფეროში და დღემდე არ მინანია". ახლაც ძალიან კარგად ახსოვს მისი პირველი ჟურნალისტური ტექსტი ბოლოში საკუთარი სახელითა და გვარით გაზეთში ,,სვაბოდნაია გრუზია". ,,ამ გაზეთში პირველი კურსის დასრულების შემდეგ მივედი. მე და ჩემს ჯგუფელს ძალიან მოგვინდა ჟურნალისტური პრაქტიკა და სტაჟიორად აგვიყვანეს კიდეც. პირველი დავალება, რაზეც გამგზავნეს იყო საბავშვო კონკურსზე ნიუსი. ამ გაზეთს ახლაც ვინახავ, რომ ვხედავდი ძალიან ბედნიერი ვიყავი". ჰყავს გამორჩეული რესპონდენტებიც. ,,თავიდან, როცა ცნობილ ადამიანთან ვწერდი ინტერვიუს, ეს იყო აღფრთოვანება. გავიზარდე, ახლა ეს ადამიანები იმდენად ახლოს არიან ჩემთან, ახლა უკვე პროფესიულად და სერიოზულად ვუყურებ ამ ყველაფერს. ექსკლუზიური ინტერვიუც მაქვს. ლევან ხერხეულიძემ ბოლოს მე მომცა ინტერვიუ და დამპირდა, რომ შენს მერე ცხოვრებში ინტერვიუს აღარავის მივცემო".

საერთოდ კი მისი ცხოვრება პროფესიიდან გამომდინარე დატვირთული და ამაღალვებელია, საინტერესო, სათავგადასავლო დღეებით. სულ რამდენიმე დღის წინ, როცა მასალას წერდა რუსული ჟურნალისთვის ,,ტიფლისი", მოხვდა სუხიშვილების კონცერტის კულისებში. ამბობს, რომ მიღებული ემოცია აღუწერელია. ,,მოცეკვავეები არ იყვნენ დიდები. სტაჟიორებისა და სტუდიის ბავშვების კონცერტი იყო, ამის მიუხედავად, ფანტასტიური მუხტი მივიღე, ხორუმი კულისებიდან იყო - ღია კოსმოსი". მსგავსი გამორჩეული დღეები კი მრავლადაა. 

საკუთარი მომავალი უნივერსიტეტში ლექტორად წარმოუდგენია. სურს, არტ მენეჯმენტი, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, დანერგოს და განავითაროს. ეს მისი მიზანიცაა და მისი შრომიდან გამომდინარე ჩანს, რომ მიზნისკენ სწრაფად, დაუღალავი შრომით მიიწევს. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჟურნალიტიკის მიმართულების რუსული სექტორი დაამთავრა, ამის შემდეგ იყო მაგისტრატურა ისევ თსუ-ში, ახლა კი თეატრალური უნივერსიტეტის დოქტორანტურის დამამთავრებელ კურსზეა. მისი სფერო კი არტ მენეჯმენტია. ჟურნალისტი იყო, არის და მომავალშიც იქნება, მაგრამ აინტერესებს ხელოვნებაც. ნინოს თქმით, მისი და ხელოვნების გზები მანამდეც ხშირად იკვეთებოდა, დიდი სურვილი ჰქონდა, კავშირში ყოფილიყო ხელოვნებასთან. ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლისას მან მიმართულებად ხელოვნება აირჩია. უკვე 9 წელია ხელოვნებაზე წერს. ,,ყოველთვის კულტურაზე ვწერდი და საერთოდ მიმაჩნია, რომ ჟურნალისტისთვის თავიდანვე პროფილის არჩევა უნიშვნელოვანესია. მე, მაგალითად, უკვე შემიძლია თეატრალურ სპექტაკლში, ან რაიმე სხვა კულტურულ ივენთში, დავინახო ის განსაკუთრებული და განსხვავებული, რასაც ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვერ შეამჩნევს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მე ამის გამოცდილება მაქვს".
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary