ფსიქოლოგიური ძალადობა ახალგაზრდებში
12 ოქტომბერი, 2015
                      ფსიქოლოგიური ძალადობა ახალგაზრდებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ფსიქოლოგიურ ძალადობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებოდი.

შეურაცხყოფა გარშემომყოფებისგან, კრიტიკა, უსამართლო ბრალდებების წაყენება, დაცინვა - ამის ატანა თითქმის ყოველდღე მიწევდა ჩემი თანატოლებისგან უნივერსიტეტში. ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკაზე დიდი გავლენა მოახდინა. ცხოვრებისეულმა ერთფეროვნებამ, უიმედობის განცდამ გამოიწვია დეპრესია, თვითმკვლელობის სურვილი, ოჯახის წევრებთან გაუცხოება. გამიქრა ყოველგვარი ინტერესი, გულგრილი გავხდი ყველაფრის მიმართ და თავს უიმედოდ, უამბიციოდ ვგრძნობდი. დროთა განმალობაში ახლობლების დახმარებითა და ფსიქოლოგთან რამდენიმეთვიანი კონსულტაციების მეშვეობით დავძლიე ეს პრობლემა. მივხვდი, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არ არის საზოგადოების აზრი, რომ ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნები" - გვესაუბრა 22 წლის ანა.

"ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი ისე ხდება ვერც კი ვაცნობიერებთ. ხშირად დაუფიქრებლად ფსიქოლოგიურ ძალადობას ვახორციელებთ მეორე ადამიანზე, თითქოსდა კარგი განზრახვით ნათქვამი სიტყვებით, სინამდვილეში სრულიად საპირისპირო შედეგებს იღებს" – აღნიშნა 19 წლის სალომემ.

"ყველა ადამიანი ვყოფილვართ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, თუნდაც ბავშვობაში, გამონაკლისი არც მე ვარ. გარდატეხის ასაკში ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლი თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ. ხშირად ამიტანია დაცინვაც და აგდებული მოპყრობაც, ამ ყველაფერმა უკვალოდ არ ჩაიარა. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს, განიცდიდეს მუდმივ შიშს და დაუქვეითდეს თვითშეფასება" - განმარტა 19 წლის თამარმა.

ფსიქოლოგიური ანუ ემოციური ძალადობა გულისხმობს მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესია, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი – ეს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია. როგორც კვლევები აჩვენებენ, ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.

რამდენად ხშირად არიან დღევანდელი ახალგაზრდები ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, მისი გამოვლენის ფორმებსა და მიზეზებზე ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე გვესაუბრა. მან აღნიშნა, რომ "ემოციური ძალადობა ყველაზე ძნელი ამოსაცნობი ფორმაა. ფსიქოლოგიურად დათრგუნული ადამიანის ამოცნობა ძნელია, რადგან ემოციური ძალადობა არ ტოვებს სხეულზე კვალს. ქცევითი გამოვლინებებია: მეტყველების დარღვევა, ფსიქოსომატური ჩივილები - თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, გულის წასვლა. ასევე თავდაჯერებულობის ნაკლებობა, დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება, პასიურობა, ნევროზული ქცევები, ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება, იძულებით საკვების მიღება, თვითდაზიანება, ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა, ინტერესების დაქვეითება, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკომანია".

მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ხშირად მოძალადედ მშობლები და ნათესავები გვევლინებიან. ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლება არაინფორმირებულობაა. დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები, უბრალოდ, "დისციპლინისთვის" აუცილებელი საშუალებებია და მეტი არაფერი. ბევრი ფიქრობს, რომ ამ "დისციპლინის" უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. სამწუხაროდ, ისინი ცდებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები.












სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary