დაავადება, რომელმაც ასაკი არ იცის
27 დეკემბერი, 2015
დაავადება, რომელმაც ასაკი არ იცის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ალერგია ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.

ალერგიასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ალერგოლოგ ნინო ლომიძეს ვესაუბრეთ:

რა არის ალერგია და რა სიმპტომები ახასიათებს?

ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომელიც, ძირითადად შემთხვევაში, არის უვნებელი. მაგალითად, ოთახის და მცენარეული მტვერი, ობის სოკოები, ცხოველების ბეწვი, საკვები, მედიკამენტები. მათთან ყოველდღიური კონტაქტი უმრავლესობისთვის ყოველგვარ საფრთხეს მოკლებულია, ხოლო ალერგიული ადამიანები რეაგირებენ ცემინების, სურდოს, თვალების ქავილის, ხველის, კანზე გამონაყარის, შეშუპების სახით. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია, განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური შოკური რეაქციაც.

რა სახის ალერგია არსებობს?

ალერგია შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს. მაგალითად, არსებობს სასუნთქი გზების ალერგია, როდესაც ადამიანს აწუხებს ცემინება, სურდო, ცხვირის გაჭედვა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ასთმური მოვლენები, ხოლო კვებითი ალერგიის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, შეშუპება. არსებობს ასევე მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგია. ხშირად ალერგია შეიძლება, მედიკამენტების მიღებამაც გამოიწვიოს.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ალერგიის უგულებელყოფას?

ალერგიას აუცილებლად მისი გამოვლენისთანავე უნდა მიექცეს ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება გართულდეს, ჩივილი უფრო ხშირი და ინტენსიური გახდეს, იშვიათ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში რეაქციაც გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია ალერგოლოგთან ვიზიტი იმისთვის, რომ ზუსტად დადგინდეს ალერგიის გამომწვევი მიზეზი და მის საფუძველზე ჩატარდეს სწორი მკურნალობა.
ხშირად ადამიანები თვითმკურნალობის მიზნით სხვადასხვა პრეპარატს თვითონ ან ახლობლის რჩევით ღებულობენ, რაც არ არის სწორი და გართულების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს.

რა ასაკში შეიძლება შეიძინოს ადამიანმა ალერგია და პრევენციისთვის რა ღონისძიების გატარება შეიძლება?

ალერგია შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, თუმცა, მის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა გენეტიკურ განწყობასაც აქვს, რისკი უფრო მაღალია, თუ ორივე მშობელი ალერგიულია. ადრეულ ასაკში ხშირი ანტიბიოტიკების მიღება ასევე ზრდის ალერგიის განვითარების რისკს, ამიტომ მნიშვნელოვანია ის დაინიშნოს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით. სასურველია ძუძუთი კვება, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ 4-6 თვეს. ორსულობის დროს ალერგიული საკვებისგან თავის შეკავება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შვილს ალერგია არ განუვითარდეს, რეკომენდებული არ არის.


ახალგაზრდებში რა სახის ალერგიას ვხვდებით?

ახალგაზრდებში ხშირია სასუნთქი გზების ალერგია, რომელსაც იწვევს ოთახის და მცენარეული მტვერი, კვებითი ალერგია, ზაფხულში კი ვხვდებით მწერის ნაკბენით გამოწვეულ ალერგიას.

დესენსიბილიზაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?

დესენსიბილიზაცია ანუ ალერგიული ვაქცინაცია გულისხმობს აღმავალი დოზით ორგანიზმში დამნაშავე ალერგენის შეყვანას, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ალერგია მცენარეთა გარკვეული ჯგუფის ან ოთახის მტვრის მიმართ, რომელიც ვლინდება ცხვირცემინების, სურდოს, თვალების ქავილისა და სუნთქვის გაძნელების სახით, წინასწარი გამოკვლევის შემდეგ პაციენტს ენიშნება დესენსიბილიზაციის კურსი, რომლის მიზანია ორგანიზმის შეგუება მისი ალერგიის გამომწვევ მიზეზთან.

შესაძლებელია ალერგიისგან სრულიად განკურნება?

თუ ადამიანი დროულად მიმართავს ექიმ ალერგოლოგს შესაძლებელია ალერგიისგან სრული განკურნებაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია და დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე არის დამოკიდებული.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary