საქართველოში 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის 16.2%-ს შეადგენს. ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს ქვეყანაში აზერბაიჯანელები (6.5%) და სომხები (5.7%) წარმოადგენენ, რომლებიც, ძირითადად, ქვემო ქართლისა და სამცხე‐ჯავახეთის რეგიონებში ცხოვრობენ. გარდა ამისა, სხვა ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ: რუსები, ოსები, ბერძნები, ჩეჩნები, ებრაელები, აფხაზები და ქურთები.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საქართველოში ინტეგრაციის ერთ-ერთი ფაქტორი შერეული ოჯახებია. როგორც ადრე, ასევე დღესაც იგივე მდომარეობაა - იქმნება შერეული ქართულ-სომხური, სომხურ-აზერბაიჯანული ან აზერბაიჯანულ-ქართული ოჯახები.
ურთიერთობების დამყარებისთვის მნიშვნელოვანია დამოკიდებულება ახალგაზრდა თაობას შორის. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი აქტიურად ატარებს ტრენინგებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის. ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა ბელა ოსიპოვამ გვიამბო ახლახან ჩატარებული ტრენინგების შესახებ. ,,ჩვენთან ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში არსებობს ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მუშაობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით (განათლება, კულტურა, რეგიონული ინტეგრაცია, მედია და სხვა.), პერიოდულად ვხვდებით ამ სამუშაო ჯგუფს, დაახლოებით ერთ-ორ თვეში ერთხელ. ვუტარებთ ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე" - აღნიშნავს ბელა ოსიპოვა. ბოლო ტრენინგი 2013 წლის 17-19 ივნისს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდენენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ის სტუდენტები, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში 4+1 სისტემის მეშვეობით ჩააბარა. შეხვედრის პირველ დღეს ახალგაზრდები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა ტოლერანტობის არსი და ინტეგრაციის მნიშვნელობა.
ბეალა ოსიპოვას თქმით, ტოლერანტობის ცენტრი პერიოდულად აწყობს სხვადასხვა სახის კონკურსსა და ვიქტორინებს ახალგაზრდებისთვის. ,,3 ივნისს ტოლერანტობის ცენტრმა ორგანიზება გაუწია ვიქტორინას "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში". ვიქტორინაში მონაწილეობდა საქართველოს ათი სკოლის ათი გუნდი, მათ შორის თბილისის, მცხეთის, მუხრანის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, გორისა და კარალეთის სკოლები. თითოეული გუნდი ექვსი მოსწავლისგან შედგებოდა. ღონისძიება უკვე მეოთხედ ჩატარდა და მისი მიზანი უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობირების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა იყო". მისი ინფორმაციით, ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები რეგიონებშიც ჩადიან. ხვდებიან ადგილობრივ ახალგაზრდებს. ,,რეგიონებში ხშირად ჩავდივართ, ვხვდებით ადგილობრივ ახალგაზრდობას, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირობები მათი სოციალური ინტეგრაციისთვის მწირია, შეიძლება ითქვას, ამ კუთხით ბევრი არაფერი კეთდება".
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდა წარმომადგენლებს, საკუთარი მოსაზრება აქვთ ქართველებსა და მათ შორის ურთიერთობებზე, მათ შორის ქორწინებაზე. ახალგაზრდების უმეტესობა, მიიჩნევს რომ ოჯახის შექმნა სერიოზული ნაბიჯია და ამ შემთხვევაში დიდი უპირატესობა არ ენიჭება იმას, რომ გულისსწორი აუცილებლად მისი ეროვნებისა და წარმომავლობის იყოს. მთავარია, მისი გესმოდეს და გიყვარდეს.
20 წლის ფირუდინ რუსტამოღლი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დედაც აზერბაიჯანელია და მამაც. როგორც ფირუდინი ამბობს, მშობლები მის არჩევანში დიდად არ ერევიან, მაგრამ მათი მთავარი მოთხოვნაა, მათი სარწმუნოების გოგო მოიყვანოს ცოლად. ,,აზერბაიჯანელებზე მეტად უფრო კარგი ურთიერთობა სხვა ერის წარმომადგენლებთან, ქართველებთან მაქვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მათ უფრო მეტად ვუგებ. რაც შეეხება რჩეულს... ჩემთვის მთავარია, მიყვარდეს და ადამიანი იყოს. მომავალში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ მშობლების რჩევას, მაგრამ საკუთარ სურვილებსაც მივაქცევ ყურადღებას" - ამბობს ფირუდინი.
მარიამ ავაქოვა ეროვნებით სომეხია, როგორც თვითონ ამბობს, უმცირესობის წარმომადგენლად საერთოდ არ მიიჩნევს თავს. მისი სამეგობრო მოიცავს ქართველებს, სომხებსა და სხვა ეროვნების ადამიანებს. ,,არ მიჭირს ურთიერთობა ხალხთან, უცხოელებთან კი უფრო მიადვილდება საერთო ენის გამონახვა. ადამიანი ვინც შემიყვარდება, მთავარია, პატივს მცემდეს, არ დამიშალოს ჩემი საქმე და არ მომთხოვოს "სახლში დაჯდომა". არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სომეხი, ქართველი თუ გერმანელი. საერთოდ კი ვფიქრობ, ჩემს გემოვნებაში ლიბერალური დამოკიდებულებების გამო უფრო ევროპელები არიან".
სოფიკო ბაბაიმანის აზრი ემთხვევა მშობლების შეხედულებებს, მისი თქმით, ისინი ყოველთვის უჭერენ მხარს, გაგებით ეკიდებიან მის აზრს. სოფიკოსთვის მთავარია, რომ უყვადეს. ,,არ ვეთანხმები აზრს, რომ ეროვნება არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. მთავარი ისაა, რამდენად უგებთ ერთმანეთს, შეიძლება ერთსა და იმავე ეთნოსს ეკუთვნოდეს წყვილი, მაგრამ ერთმანეთის საერთოდ არ ესმოდეთ. ისეთი ცალსახა პოზიცია, რომ აუცილებლად შენი ეროვნების ადამიანთან უნდა შექმნა ოჯახი, ჩემთვის მიუღებელია. მე დაბადებიდან საქართველოში ვცხოვრობ, ურთიერთობა მაქვს ქართველებთან და არასოდეს მიგრძვნია, რომ უმცირესობას ვეკუთვნი" - ამბობს 21 წლის სოფიკო ბაბაიანი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანელების ოჯახები მრავლადაა. სწორედ ამიტომ შერეული ოჯახიც ბევრია. ადგილობრივი მცხოვრების არიადნა აფრასიძის თქმით, ბევრს ჰყავს ქართველი რძალი. აზერბაიჯანელზე გათხოვების შემდეგ გოგონები მათ სარწმუნოებასაც თავისუფლად და საკუთარი სურვილით იღებენ. ,,ასეთ შემთხვევებს ხშირად შევხვდებით, მაგრამ აზერბაიჯანელი ქართველს გაჰყოლოდეს, არც გამიგია. არ ვიცი რატომ, ალბათ, ოჯახის სურვილია ასეთი" - ამბობს არიადნა.
22 წლის ლანას საკუთარი მოსაზრება აქვს საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბიჭი რომელსაც ის საქმროდ მიიღებს მთავარია მისი რწმენის იყოს. ეროვნებას კი მნიშვნელობა არა აქვს. ,,მირჩევნია ჩემი მეოღლე ქართველი იყოს. სხვა ეროვნების ადამიანზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები ქორწინებას თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი იქნება'' - ამბობს ლანა დარასელია.
ისტორიკოს ლევონ ისახანიანის თქმით, დღეს ახალგაზრდები უფრო მარტივად აგვარებენ ურთიერთობას. ,,არანიარი დაპირისპირება ან სიძულვილის ენა ახალგაზრდებს შორის დღესდღეობით არაა. ოჯახებს ქმნიან. ამაში პრობლემა არაფერია, სურვილის მიხედვით წყდება ეს საკითხი. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ცუდი, აგდებული დამოკიდებულება სხვა ეთნოსის წარმომადგენლების მიმართ უფროსი თაობის ქართველებში უფრო შესამჩნევია".