არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. საზარელი მკვლელობის, ძარცვის, ქურდობის, სხეულის დაზიანების შესახებ მუდმივად გვესმის.
,,ძალიან ხშირად კლასელები იმაზე მიმითითებდნენ, რომ არ მქონდა ისეთი ინტერესები როგორიც მათ. იმედგაცრუებული ვიყავი. მეგონა, ჩემთან ურთიერთობა, მეგობრობა არავის უნდოდა. შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი. ვფიქრობდი, რომ ვერავინ დამეხმარებოდა. დამრიგებელს შევჩივლე, თუმცა, არაფერი მოიმოქმედა. სკოლაში წასვლა მძულდა. მძულდა იმ მასწავლებლების დანახვაც, რომლებიც გამორჩეულად გვექცეოდნენ მე და რამდენიმე ბავშვს"" – განვლილი დღეები 17 წლის თამარისთვის მარტივი გასახსენებელი არ არის. გოგონა სკოლაში კლასელებისა და მასწავლებლებისგანაც იჩაგრებოდა.
არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. საზარელი მკვლელობის, ძარცვის, ქურდობის, სხეულის დაზიანების შესახებ მუდმივად გვესმის.
,,დღეს სიმართლე გითხრათ, არ არსებობს სკოლა, სადაც ყოველდღიურად ბავშვებს შორის, თუნდაც, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტი არ ხდებოდეს. დღეს სკოლები და არამარტო სკოლები მხოლოდ პროექტებითა და სიტყვებით გვეუბნებიან იმის შესახებ, რომ ბულინგი, ძალადობა არ შეიძლება"" - ამბობს 16 წლის ნუგო.
2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი 2 მოზარდის საქმის დეტალები საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა და დააგინა შემდეგი ფაქტი: "საჯარო სკოლებში გახშირებულია ისეთი გადაცდომა, როგორიცაა: გაკვეთილის ჩაშლა, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, დაგვიანება, ფულის გამოძალვა, არაეთიკური ქცევა, მასწავლებლის შეურაცხყოფა, ჩაგვრა/ბულინგი, ფიზიკური დაპირისპირება, აკრძალული საგნების ტარება. ,,გადაცდომაზე გამოყენებულ სახდელებს: სიტყვიერი გაფრთხილება, შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, ან სკოლიდან 3-9 დღით დათხოვნა - ფორმალური დატვირთვა აქვს და არ შეიძლება ჩაითვალოს პრევენციულ ზომებად. შესწავლილი ინფორმაციით ნათელია, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს 51-ე სკოლაში დაფიქსირებული ყველა ის პრობლემური ქცევა, რომლებიც ხორავას ქუჩის ტრაგედიას უძღვოდა წინ, არ არის გამონაკლისი და დღევანდელი სასკოლო სისტემის სერიოზული გამოწვევაა"" – ნათქვამია აღნიშნული კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნასა და რეკომენდაციების დოკუმენტში.
სტატიაზე მუშაობის ფარგლებში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს მასშტაბით 596 საჯარო სკოლაში არის წარმოდგენილი და ფარავს სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 80%-ს. აღნიშნული სკოლებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალადობრივი ქცევის გამო სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში გადამისამართებულ მოსწავლეთა რაოდენობა შემდეგნაირია: 2017 წელს - 157 ბავშვი, 2018 წელი - 95 ბავშვი, 2019 წელი - 130 ბავშვი.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი 2013 წლის 10 აპრილს შეიქმნა და მისი მიზანია ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე სკოლის ასაკის ბავშვების/მოზარდებისა და მათი მშობლების/მეურვეების ფსიქოსოციალური მომსახურება. საქართველოს მასშტაბით, 8 ასეთი ცენტრია, რომელიც არის უფასო და აქვს 24-საათიანი ცხელი ხაზი. ,,ბოლო პერიოდში, მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სასკოლო უსაფრთხოების პარალელურად, მაქსიმალურად ძლიერდება ფსიქოსოციალური მომსახურების კომპონენტი.
რა იწვევს არასრულწლოვნებში ძალადობრივ ან ანტისოციალურ ქცევას? როგორ და ვის მიერ უნდა გატარდეს ძალადობის პრევენციისაკენ მიმართული ქმედებები ამ კითხვებზე ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ პრობლემას კომპლექსურად უნდა ვებრძოლოთ და მისი გამომწვევი ფაქტორებიც მრავალფეროვანია.
ფსიქოლოგ ზურაბ ქარჩავას თქმით, არასრულწლოვანთა, ბავშვთა და მოზარდთა პიროვნებათაშორისი არაჯანსაღი ფსიქოემოციური და ქცევითი ურთიერთდამოკიდებულებების მოტივაცია აუცილებელ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ მრავალფაქტორიან და მულტიინდიკატორთა მოდელში, სადაც გასათვალისწინებელია ასაკობრივი ფსიქოემოციური და ქცევითი თავისებურებები, ინტერესთა სფერო, მიკრო და მაკრო სოციალური კულტურის ფაქტორები და სხვა დინამიკური თუ სტატიკური მონაცემები.
ფსიქოლოგი დარეჯან თოლორდავა აღნიშნავს, რომ საჭიროა მშობელთა ფსიქოგანათლების ხელშეწყობა და ამ კუთხით კონკრეტული ინტერვენციის განხორციელება. მისი თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აღმზრდელობითი კუთხით მუშაობა შესუსტებულია. სკოლებში მიმდინარე აღმზრდელობითი საქმიანობა არასაკმარისია და არ წარმოადგენს დანაშაულის თავიდან აცილების გარანტს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა საქართველოს სკოლებში არსებული აღმზრდელობითი ფუნქციის შესახებ საუბრობს: "სკოლების უმეტესობაში არ არსებობს ერთიანი შეთანხმება აღმზრდელობით საკითხებზე. ეროვნული სასწავლო გეგმა ამ მიმართულებით ფოკუსირებულ ინსტრუქციებს არ იძლევა".
დანაშაულის პრევენცია პირობითად სამ დონედ იყოფა და პირველი დონე სწორედ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას უკავშირდება. ფორმალური განათლება სკოლაში მიღებულ ცოდნას, არასრულწლოვანის თავისუფალი დროის სწორ მართვასა და კულტურულ-სპორტულ აქტივობებს მოიცავს. სწორედ პრევენციისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია სკოლებში სამოქალაქო განათლების შეტანაც. თუმცა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა აღნიშნავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სამოქალაქო განათლების საგნის სტანდარტი სამართლებრივი კულტურისა და პრაქტიკული სამართლის საკითხებს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს.
ფსიქოლოგი მეგი საჯაიას თქმით, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისთვის მოსწავლეები კარგად უნდა აცნობიერებდნენ დანაშაულის მნიშვნელობას და ზიანს. მისი თქმით, სკოლამ უნდა შესთავაზოს მოსწავლეს ცოდნა, კონფლიქტის მოგვარების გზების შესახებ. აუცილებელია გაეწიოს პოპულარიზაცია ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და ჯანსაღ ცხოვრებას. თუ საჭირო გახდა პროცესში ჩაერთოს ფსიქოლოგი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" საგანმანათლებლო სისტემაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატორი ორგანიზაციაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. 2018-2019 წლებში ორგანიზაციამ მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით 17 ტრენინგი ჩაატარა. თბილისის გარდა, სასწავლო კურსები გაიმართა ხაშურში, თელავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და ლანჩხუთში. 9 მუნიციპალიტეტში გადამზადდა 500-ზე მეტი მშობელი. აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მეგი კავთუაშვილის, თქმით: ,,ტრენინგების ჩატარების შედეგად მშობლები ერთხმად აღიარებენ, რომ სჭირდებათ დახმარება სასკოლო საკითხებზე"". საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ცალკეულ მშობლებს უჭირთ პრობლემებთან გამკლავება. მარტო დარჩენილი მშობელი, რომელსაც არათუ სასკოლო საზოგადოება, სხვა მშობლებიც კი აღარ უმაგრებენ ხოლმე ზურგს, იმდენად დიდი სტრესის ქვეშაა, რომ ან ჩუმდება, ან ბავშვი სხვა სკოლაში გადაჰყავს. ,,ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა. ჩვენ გვინდა უსაფრთხო, პოზიტიური სკოლა, სადაც პრიორიტეტულია ბავშვების თავისუფალ, ლაღ, კეთილშობილ, პროგრესულად მოაზროვნე ინდივიდებად აღზრდა. სადაც ბავშვს უხარია მისვლა"" - ამბობს მეგი კავთუაშვილი.
საინტერესოა, საერთაშორისო გამოცდილება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. ფსიქოლოგ მეგი საჯაიას ფინეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ფინეთში, რომელიც მსოფლიოში თანასწორობის საკითხში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად ითვლება, 15 წლიდან უკვე შესაძლოა პირი მიეცეს პასუხისგებაში. ამის მიუხედავად, თვრამეტ წელზე ნაკლები ბავშვების დაპატიმრების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებში დანაშაულის პრევენციისთვის? მართალია, პრობლემაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" და სხვა უწყებები, თუმცა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდების აღზრდის საკითხში უდიდესი მისია აკისრია.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს საჯარო სკოლებში მიმდინარე წლის სექტემბრიდან სასკოლო მედიაციის დანერგვას გეგმავს. გასული წლის ბოლოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ: 2019 წელს დამტკიცდა "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები". ,,ეს არის საგანმანათლებლო სისტემაში უსაფრთხოებასა და პრევენციაზე ორიენტირებული პირველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მანდატურის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმს. ამ მექანიზმმა განაპირობა თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახურის, როგორც უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუციის ჩამოაყალიბება"" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო კვლავ აგრძელებს სისტემატურ მუშაობას არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დანაშაული ბავშვებში, ნაკლები ახალგაზრდა იყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებთან ურთიერთობაში საჭიროა მეტი ზრუნვის წარმოჩენა და ნაკლები დასჯა. არასრულწლოვნების ყურადღება უნდა იყოს მიმართული სპორტული და კულტურული აქტივობებისაკენ. ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისათვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა კი შესაძლებელია ერთობლივად, მშობლების, ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და სრულიად საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს საკითხის მნიშვნელობას და ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე.