- ცოტა ჩუმად ისაუბრეთ რა… (შენიშვნა გვერდით მჯდომი გოგონასგან)
- ძალიან კარგი შენიშვნაა. გმადლობთ, აღარ ვიხმაურებ - მორჩილად პასუხობს ჩემი რესპონდენტი.
"ბევრჯერ შემინიშნავს, რომ ხმამაღლა ვსაუბრობ. ჩემი თვისებაა, რომელიც უნდა გამოვასწორო" - აღნიშნავს მარიამი.
ზედმეტად აქტიური და შრომისმოყვარე პიროვნება. ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა, მისი შრომითი ბიოგრაფია საკმაოდ დიდ ინფორმაციას მოიცავს. სამუშაო გამოცდილება ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში შეიძინა. დედის დასახმარებლად მუშაობდა.
მარიამ ავაქოვი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ძირითადი პროფესიით - ანგლიცისტი, დამატებითი (მეორადი) პროფესიით კი - ეკოლოგია. ,,არ იცი, სად მოხვდები, სად მოგიწევს მუშაობა" - ამბობს მარიამი, სწორედ ამიტომაც თავისივე სურვილით ცდილობს, დაეუფლოს ფსიქოლოგიას, აინტერესებს იურისპრუდენცია და ჟურნალისტიკა. ,,ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა მხიბლავს განსხვავებულ პიროვნებებთან ურთიერთობისას, ასევე კვლევებზე მუშაობის პერიოდში გამომიმუშავდა ინტერვიუს ჩატარების უნარი, და ძალიან მომწონს ეგ პროცესი" - აღნიშნავს მარიამი.
,,ხანდახან მგონია, რომ მეც ქართელი ვარ. ვფიქრობ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ხარ ადამიანი და ეს პასუხობს უკვე ყველა კითხვას. პიროვნებაში მთავარი ადამიანობაა, მისი ეროვნება არ უნდა იყოს რაიმეს განმსაზღვრელი ფაქტორი". მისი თქმით, უნდა იცოდე, როგორ წარადგინო თავი, იცოდე საუბრის წარმართვის ტექნიკა და ის, როგორ მიუდგე ადამიანს, როგორ გააცნო შენი ხედვები და იდეები. არ უნდა გქონდეს კომპლექსი და ასეთ შემთხვევაში, როცა შენ თვითნვე არ მიაქცევ ყურადღებას განსხვავებას ეროვნებებს შორის, არც არავინ გაამახვილებს ამაზე ყურადღებას.
აქტიურია მისი ცხოვრება, დილით ადრე ადგება თუ არა, უნივერსიტეტში უნდა წავიდეს, უნივერსიტეტის შემდეგ მომავალი დღის სემინარის სწავლა-გააზრების დროა. ამის მერე კი იწყება უნივერსიტეტს გარეთ არსებული ცხოვრება. უამრავი პროექტი, კვლევა, კონფერენცია, ორგანიზაციებში მუშაობა. ,,სწორედ ამ აქტიურობით შევიძინე დღემდე მიღებული ცოდნა. ეს აუცილებელია პიროვნების სრულყოფისთვის. ზოგჯერ ვიღლები, მაგრამ საყვარელი საქმის კეთებით მიღებული დაღლა არაფერია ჩემთვის. მიყვარს ჩემი საქმე".
საკუთარ საქმეზე საუბრისას მარიამს ნამდვილად ეტყობა, რომ კმაყოფილია უკვე შეძენილით. ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, ყოველი დღე მისთვის ახლის შეძენით, ახალი ინფორმაციის მიღებით იწყება და მთავრდება. ზოგჯერ ღამის თენებაც უწევს იმის სასწავლად, რაც აინტერესებს და იმის მისაღწევად, რაც უნდა, მაგრამ აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანია, გადაღლა და პრობლემები კი ამასთან არაფერია.
ბუნებით ქველმოქმედია, სწორედ ამიტომაც საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაციის ,,NGO Helping Hand’’-ის წარმომადგენელი, პროქტების კოორდინატორი და მოხალისეა. ოჯახიდან წინააღმდეგობა ხანდახან აქვს. ,,ეს საზოგადოების პრობლემაცაა, არ იციან რას ნიშნავს იყო მოხალისე. რატომ უნდა დახარჯო დრო ტყუილად? იმიტომ რომ ქველმოქმედი იყო და ვინმეს გამოადგე"". მარიამს ჯერ არც სამსახური აქვს, არც საკუთარი ფული, თუმცა, მომავალში აუცილებლად უნდა, ნახოს ისეთი სამსახური, საკუთარი იდეების განხორციელებაში რომ დაეხმარება. ,,ჩემს თავში აღმოვაჩინე ლიდერი და დიდი საქმეების კეთების უნარი, ამაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,NGO Helping Hand’’-ის ხელმძღვანელები დამეხმარნენ".
უამრავი იდეა და პროექტი აქვს. მხოლოდ ხელსაყრელ დროს ეძებს მათ განსახორციელებლად. ერთ იდეას უკვე შეასხა ფრთები - ონლაინ არასამთავრობო ორგანიზაცია "ეთნიკური უმცირესობები საქართველოში" დაარსა. ოცნების ასრულება და საკუთარი იდეის განხორციელება ძალიან უნდა. სურს, გააკეთოს სამეცნიერო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერი ბიოლოგებისთვის, ეკოლოგებისთვის. ,,ამ სურვილს, ალბათ, სულ მალე ავისრულებ, თუ ამ გზას გავყვები, რაც აქამდე ავირჩიე. უცხოთშიც მინდა სწავლა. თუ სახსრები მეყოფა, მაგისტრატურას უცხოეთში დავასრულებ. აქამდეც ვცადე და მოვეწყვე იტალიის უნივერსიტეტში (John Cabot University), რომელშიც სწავლის შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ ფინანსების არქონის გამო უკან დავიხიე".