რა მიიჩნევა ყოველი ადამიანის საზოგადოების წინაშე არსებულ მოვალეობად? მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ნუსხა საკმაოდ დიდია, თუმცა, რა არის იმაზე უფრო უპირატესი ვიდრე სამოქალაქო აქტივიზმი?
საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმი, ძირითადად, პოლიტიკასთან, პროტესტსა და ქუჩის აქციებთან არის გაიგივებული, თუმცა, რას ნიშნავს რეალურად?
,,სამოქალაქო აქტივიზმი ადამიანის სოციალური ბუნების ერთგვარი გამოვლინებაა. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის თავისუფალი საზოგადოება, რომელსაც ვერანაირი ავტორიტარული რეჟიმი ვერ დაიმორჩილებს,’’ - ამბობს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის(EGI) ახალგაზრდა მკვლევარი რატი კობახიძე. მისივე თქმით, აქტიური საზოგადოების უპირატესობა ისაა, რომ მთავრობის როლს სერიოზულად ამცირებს. ადამიანები ასე სწავლობენ ჭეშმარიტ თავისუფლებას, როდესაც პრობლემებს ერთმანეთის დახმარებით აგვარებენ მესიას თუ მთავრობას არ ელოდებიან მათი საქმის გასაკეთებლად.
როგორია დღეს ახალგაზრდების შემართება ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, სოფლისთვის აქტუალური პრობლემური საკითხების მოგვარების პროცესში?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი მიშა შავთვალაძე ამბობს, რომ ჩვენთან როგორც სხვა ქვეყნებში სამოქალაქო აქტივიზმს სხვადასხვა სახე აქვს გამოხატული როგორც დემონსტარციების სახით, ისე სოციალური ქსელების გამოყენებით. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივობა საბჭოთა წარსულიდან და არადემოკრატიული გამოცდილებიდან გამომდინარე სასურველისგან განსხვავებით არცთუ ისე დიდია. სამოქალაქო აქტივობის ბოლო მაგალითად იხსენებს თბილისში 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენის დროს მოქალაქეების მხრიდან გამოვლენილ აქტივობას, როდესაც ყველა ასაკის, სქესის, შეხედულების მოქალაქე მონაწილეობდა ზარალის შემცირებაში, აღდგენით და დასუფთავების აქტივობაში. ახალგაზრდა მკვლევარის რატი კობახიძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ნელ-ნელა ორგანიზდება. ,,არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურად აქტიური სამოქალაქო დაჯგუფებებიც, მაგალითად „სირცხვილია“. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ რაღაც კუთხით მაინც სამოქალაქოდ აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი საქართველოში წინ მიდის. ზედმეტად ოპტიმისტები არ უნდა ვიყოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ პროცესი დასრულების პირასაა. სპონტანურობა და თვითორგანიზებულობა ქართულ საზოგადოებას მთლიანობაში მაინც აკლია. პოლიტიკურ სპექტრშიც აისახება ეს, სანამ კატასტროფულად ცუდი რამე არ მოხდება, ხალხის ძირითადი ნაწილი პასიურია,’’ - ამბობს რატი კობახიძე.
საინტერესოა, ციფრებში გამოხატული სამოქალაქო აქტოვობის მაჩვენებელი. 2017 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში სახელწოდებით: ,,თაობა გარდამავალ პერიოდში ახალგაზრდობის კვლევა 2016’’ ვკითხულობთ: ,,ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ენდობა მთავრობას (34%) და ადგილობრივ თვითმმართველობას (32%), მაშინ როცა მათი უმრავლესობა (56%) მნიშვნელოვნად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობას. მეორე მხრივ, კი გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს მონაწილეობა მიღებული სამოქალაქო შეხვედრაში, 2% გახლდათ სოციალური აქციის მონაწილე და 4%-ს ხელი აქვს მოწერილი რაიმე სახის პეტიციაზე. მიუხედავად აქტივიზმის პოლიტიკური გაგებისა, კვლევა ასევე გვიჩვენებს, რომ რეალურად ახალგაზრდების მხოლოდ 2% არის ნამყოფი პოლიტიკური პარტიის შეკრებაზე და 1% პოლიტიკურ აქციაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს პროტესტის გრძნობა, თუმცა, როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ სამოქალაქო აქტივიზმში ახალგაზრდობა პასიურობს“.
ამერიკელი მკვლევარი აჯიქ ტოპრაკი, რომელიც მუშაობს კეტი მერშის კვლევის განყოფილებაში, 19 ევროპული ქვეყნის შესწავლის შედეგად 2009 წელს ჩატარებულ კვლევაში აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო განათლება წლების განმავლობაში სასწავლო კურიკულუმის ნაწილი იყო, სამოქალაქო ჩართულობა გაცილებით მაღალია. ასევე,მთავრობის მიერ მოხალისეობრივი სექტორის მხარდაჭერა ზრდის მოქალაქეების აქტიურობას. აღნიშნული მოსაზრების სისწორეში კიდევ მეტად დავრწმუნდებით, თუ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს მოვუსმენთ. ქალაქ ბათუმში სკოლა ,,ევრო 2000’’-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ ბაუჟაძე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ადასტურებს, რომ სკოლის მოსწავლეები აქტიურ როლს ასრულებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის პროცესებში, ისინი არამხოლოდ საკუთარ თავს და თანატოლებს ეხმარებიან აზროვნების ფორმირებაში, არამედ დიდ გავლენას ახდენენ მათ ირგვლივ მყოფ საზოგადოებაზეც, რაც წინაპირობაა იმისა, რომ საზოგადოების აზროვნების ფორმირება მოხდეს დემოკრატიულ პროცესებთან თანხვედრაში. ,,საგანი აქტიურად ეხმარება მოსწავლეს ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან გაიაზროს სამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებლობა. გააჩნდეთ საკუთარი დამოკიდებულება, ჰქონდეთ ჩამოყალიბებული ხედვა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს არაინფორმირებული და დაბალი ცნობიერების მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესი’’- აღნიშნავს თამარი.
საინტერესოა, ასევე ანა სარჯველაძის გამოცდილება. ანა ქალაქ ლანჩხუთში საჯარო სკოლის პედაგოგად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციაში და თავისუფალ დროს ამერიკული საბჭოებისთვის მოხალისედ მუშაობს. ,,ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე ყოველდღიურად მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ ესმის სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობა და არ სჯერათ, რომ მათი აქტიურობა მნიშვნელოვანია. ‘’ერთი ადამიანის აქტივობა რას შეცვლის’’ მენტალიტეტი ჩვენში ძალიან გავრცელებულია’’- აღნიშნავს ანა. ასევე, პარალელებს ავლებს ამერიკელ მოსახლეობასთან. სკოლაში სწავლის პერიოდში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ამერიკაში. მისი თქმით, ამერიკელ მოსახლეობას სჯერა, რომ თითოეული ადამიანის აზრი და ქმედება მნიშვნელოვანია. სხვების აქტიურობის იმედად ყოფნა ქვეყანას ვერ განავითარებს.
სამოქალაქო აქტივიზმზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის კულტურას. ,,მოქალაქეთა ჩართულობა, რომლებიც მიმართულია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებებისაკენ, მოხალისეობრივ საწყისებზე ხორციელდება, ან უნდა ხორციელდებოდეს’’ - აღნიშნავს თინათინ მესხი ‘’Helping Hand’’-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. თინათინ მესხის თქმით, თუ 2009 წელს მოხალისეების მოძიება პრობლემას წარმოადგენდა, დღესდღეობით მსურველები თავად უკავშირდებიან და ერთვებიან მოხალისეობრივ საქმიანობაში.
მოხალისეობროვ საქმიანობაში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე საუბრობს კიდევ ერთი ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,მოხალისეთა ჰაბის’’ კომუნიკაციების მენეჯერი ნატალია ჭამიაშვილი. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოხალისეთა ჰაბი“ ერთი წელია დაარსებულია და უკვე 30 000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციას ამ ეტაპზე სახელწიფო სტრუქტურებიდან ფინანსური დახმარება არ აქვს. დაფინანსება დამოკიდებულია ორგანიზაციის საქმიანობაზე, გრანტებსა და საზოგადოების შემოწირულობაზე. ნატალიას თქმით, თანხა მთლიანად ხმარდება პროექტების განხორციელებას, მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას, განსაკუთრებით რეგიონებში.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში ჩაერთონ. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ბევრი სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორი: მენტალობა, დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დროის უქონლობა, რადგან ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც პრობლემატურია.
ფოტოზე წარმოდგენილ ნახატზე სტატიის ავტორმა და მისმა 2 წლის შვილმა, ქრისტინე ხუჭუამ იმუშავეს.