ახალი წელი - ახალი დღე
26 იანვარი, 2021
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემატიკა საახალწლო მოგონებებია. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ახალგორიდან.

ახალი წელი, უპირველესად მაინც დედაჩემის ხასიათის წახდენით იგრძნობა. ალბათ, ასე 27 დეკემბრიდან უკვე ვეღარ დაელაპარაკები, დანა პირს არ უხსნის, ნერვიულობს, არაფერი უხარია, წელსაც ასე იყო, ყოველთვის ასეა.
როცა გავიზარდე, ბოლოს და ბოლოს ამოვხსენი ამ უხასიათობის საიდუმლო. ბავშვი რომ ხარ, ამას არ ფიქრობ, თუნდაც, რამდენიმე დღით გახალისებული სუფრა გახარებს. ძველი, ვერცხლისფერი ნაძვის ხე, ასევე, ძველი სათამაშოები, გირლიანდა და სამზარეულოში აფუსფუსებული დედა, რომელსაც კი ხვდები, რომ დიდად არ უხარია ეს ყველაფერი, მაგრამ პატარა ხარ და დიდ ყურადღებას არ აქცევ.


freea
როცა ახალი წელი ახლოვდებოდა და შინისაკენ სანოვაგით დატვირთული ჩვენი მეზობლები მოდიოდნენ, დედას შფოთვა ემატებოდა, მამა დიდი ხანია გარდაცვლილი იყო და სამი ობლის გაზრდა არც ისე ადვილია. რა უნდა ექნა მასწავლებელს, ოცდაათლარიანი ხელფასით? გასაყიდი არაფერი დარჩა, მამა რომ გარდაიცვალა, ორ კვირაში სახლიც გაქურდეს, წაიღეს ჩემი მშობლების საქორწინო ბეჭდები, დედას ტყავის "პლაში", ჩემი ახალი ფეხსაცმელები.
მოკლედ, ეს ძველია ამბავია, თუმცა, არ დამთავრებულა, უფრო სწორად, დაუსრულებელია. ყოველ წელს, დეკემბრის ბოლოს დედას უფუჭდება ხასიათი და ღელავს, ღელავს, რომ რაღაც ისე არ იქნება, როგორც წესია.
საახალწლოდ ოცნაირი კერძის დამზადება არ მიყვარს, ვაკეთებ იმდენს, რაც ჩვენ გვეყოფა, ცოტა სადღესასწაულო შეფერილობით, რაც ყველას გვიყვარს, მიუხედავად ამისა, დედა მაინც ღელავს, სტუმრების გამო, რომლებიც ოდესღაც არ მოვიდნენ, კერძების გამო, რომლის მომზადების საშუალება ოდესღაც არ ჰქონდა. ამიტომაც არ უყვარს ახალი წელი, მეტიც, ეს აღელვება იანვრის ბოლომდე მოჰყვება, ძილიც უკრთება, წნევაც უწევს.
ამორჩევაზე რომ იყოს, მაინც ერთ წელს ავირჩევდი:
31 დეკემბერია, მოწყენილები ვართ. არც კრაწუნა გოზინაყი გვიხარია, არც კახეთიდან გამოგზავნილი ჩურჩხელები. სახლში რაღაცნაირი, უჩვეულო სიჩუმეა, წყალიც კი ჩუმად დუღს, კრემის სათქვეფიც კი მუნჯია.
პირველი წელია, რაც ელზა და გიორგი – ჩემი უფროსი და-ძმა საბერძნეთში ხვდებიან ახალ წელს, მე და დედა მარტო ვართ, არც არაფრის მზადებას აქვს აზრი.
– მოდი, სადმე წავიდეთ, – მეუბნება დედა.
– წამო!

ჯიბეში კანფეტებს ვიყრით, თბილად ვიცვამთ და მივდივართ ქუჩაში სახეტიალოდ.
გარეთ თოვს,
ქუჩაში თითქმის არავინაა, თუ ერთ-ორ, გზააბნეულ მთვრალს არ ჩავთვლით.
მე და დედა დავდივართ, დავდივართ და დავდივართ.
ვსაუბრობთ, ვჭამთ კანფეტებს, ჩურჩხელასაც წავატეხეთ ბოლო.
ეს ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელია.
დღემდე თვალებს ვხუჭავ და ვხედავ, როგორ დადიან ცარიელ ქუჩებში შვილებმონატრებული ქვრივი ქალი და პატარა, მოპოეტო გოგო.

ცაში კი ფოიერვერკია, ათასგვარი, ფერადი და ხმაურიანი.
წელს ყველაფერი უჩვეულოდ დასრულდა, არც არავინ მოსულა, ღამის 12 საათზე სანთლებიანი ტორტი ჩავაქრეთ, ჩემი ახალი წლის საჩუქარი, ჩემი შვილი ათი წლის გახდა. წელს გავუმხილეთ თოვლის ბაბუის ამბავი, მაგრამ მას მაინც ურყევად სჯერა, რომ სადღაც, ცივი ქვეყნიდან ვიღაც ბაბუა მოემართება საჩუქრებით სავსე გუდით.
დიდხანს, დიდხანს არ გვყავდა მეკვლე, არავინ მოსულა, ბოლოს და ბოლოს, დაახლოებით ერთი კვირის მერე მეზობლის პაწია გოგონამ მოაკაკუნა, თავის მეგობარს, ჩვენს ჯუჯა პუდელს მოაკითხა, გული გაუხარა, მოეფერა. მსოფლიოში ყველაზე ერთგული მეკვლე გვყავდა, რომელსაც თოვლის ბაბუამ ძაღლი მოუყვანა, მაგრამ თავის ძველ მეგობარს, ჩვენს ცეტ ბიმბოს მაინც არ უღალატა და მოაკითხა.
ჰოდა, ასეთი წელი იყო წელს, მეგობრობის შენარჩუნების, ერთგულებისა და მოულოდნელი მეკვლეების.



პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან"  თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary